კოხრეიძე: „ვინც შესაცვლელია, უნდა შეიცვალოს“
მისი წინამორბედისგან ვლადიმირ ვაისისგან განსხვავებით, საქართველოს ეროვნული გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი Crystalbet ლიგიდან ეროვნულ გუნდში გაცილებით უფრო მეტ ფეხბურთელს იძახებს. მიმდინარე სეზონში ჩვენი შიდა პირველობის ერთ-ერთ გამორჩეული ფიგურა გიორგი კოხრეიძეა. „იბერიას“ ერთ-ერთი ლიდერი ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ფეხბურთელების სტარტით ძალიან კმაყოფილია, თუმცა Crystalsport-თან ინტერვიუში თბილისის გუნდის მე-10 ნომერი არც უარყოფით მხარეებზე საუბარს მოერიდა
რა თქვა კოხრეიძემ
1:1-ზე იმდენი მომენტი შევქმენით, რომელიმე რომ გამოგვეყენებინა, თურქები თამაშს ნამდვილად ვეღარ გადაარჩენდნენ. მომეჩვენა, რომ დამაგვირგვინებელ ფაზაში ზოგიერი მოთამაშე ზედმეტ ინდივიდუალიზმს იჩენდა და პასის გაკეთების ნაცვლად, კარში დარტყმას ამჯობინებდა.
კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ერთ რამესაც ვიტყვი - თუ რომელიმე ფეხბურთელს თამაში არ მისდის, ის უნდა შეიცვალოს, რადგან ჩვენი ნაკრების თადარიგში მჯდომ თითოეულ მოთამაშეს შეხვედრაში გარდატეხის შეტანა შეუძლია.
ვის გამოვარჩევდი პირველ ტურში? რა თქმა უნდა გიორგი ქოჩორაშვილს, რომელიც „საბურთალოში“ კარიერას ჩემთან ერთად იწყებდა და მაშინაც ზუსტად ასეთი იყო - ბოლომდე იხარჯებოდა და საქმეს უდიდესი პასუხისმგებლობით უდგებოდა.
ბუნებრივია ჩეხებთან გამარჯვების ძალიან დიდი იმედი მაქვს. მაგარი გუნდი გვყავს, დიდი პოტენციალით და უნდა მოვიგოთ.
მიმდინარე სეზონში კოხრეიძის ანგარიშზე Crystalbet ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 18 შეხვედრაში 7 გოლთან ერთად, 2 საგოლე პასია და ბომბარდირთა დავაში ის მხოლოდ სამ ფეხბურთელს, ბიორნ იონსენს (11), ტაირელ ვაუტერსა (9) და შოთა ნონიკაშვილს (8) ჩამორჩება.