„ვერავინ იტყვის, რომ დაუმსახურებლად მოვიგეთ“ | ალტინტოპი საქართველოსთან მატჩზე
თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის მმართველი საბჭოს წევრმა, ჰამიტ ალტინტოპმა საქართველოსთან გამართული მატჩი შეაფასა. პირველმა შეხვედრამ ალტინტოპის მოლოდინი გაამართლა და „ბაიერნის“ ყოფილი ფეხბურთელი გამარჯვებით გახარებული დარჩა.
„ვიცოდით, რომ საქართველოსთან რთული მატჩი გველოდებოდა და გადავრჩით. ქართველების რეაქციაზე სათანადოდ რეაგირება მნიშვნელოვანი იყო და ძალიან კარგი სტარტი გამოგვივიდა. ჩვენი მიზანი გამარჯვება იყო და სასურველი შედეგი დავაფიქსირეთ.
გოლი, რომელიც საქართველომ გაგვიტანა, მცირე უყურადღებობის ბრალი გახლდათ. რა თქმა უნდა, არის კომპონენტები, რომლებიც გასაუმჯობესებელი გვაქვს, მაგრამ შეტევაში პოზიტივი, სიმამაცე და გუნდურობა ვაჩვენეთ და ვერავინ იტყვის, რომ ჩვენი გამარჯვება დაუმსახურებელი იყო“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრა თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა. „ჯვაროსნების“ მხრიდან თავი გიორგი მიქაუტაძემ გამოიჩინა, თურქეთის მაისურით კი გოლები მერთ მიულდურმა, არდა გიულერმა და კერემ აკტურკოღლუმ გაიტანეს.