სტანეკი: “გულშემატკივრები საქართველოსთან გაცილებით უკეთეს ჩეხეთს იხილავენ
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ჩეხეთი პორტუგალიასთან 1:2 დამარცხდა, მეორე ტურში კი საქართველოს დაუპირისპირდება.
ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაცია მეკარე ინდრიხ სტანეკის კომენტარს ავრცელებს, რომელშიც ის საქართველოზე საუბრობს.
რა თქვა სტანეკმა?
„პორტუგალიასთან დაწინაურება ძალიან გამიხარდა, მაგრამ ისიც ვიფიქრე, რომ ჩემს კართან ჯოჯოხეთი დაიწყებოდა. ზუსტად ასე მოხდა.. პორტუგალიამ შემოგვიტია და უამრავი მომენტი შექმნა. მიხარია, რომ რონალდუმ ვერ გამიტანა. ის მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდაა..
მეორე ტაიმი პირველზე გაცილებით ხარისხიანად ჩავატარეთ და მომდევნო მატჩებში სწორედ ასე გაგრძელებას ვაპირებთ. მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქომაგები საქართველოსთან და თურქეთთან გაცილებით უკეთეს ჩეხეთის ნაკრებს იხილავენ.“
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩეხეთის დაპირისპირება 22 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.
საქართველოს და ჩეხეთს ჯგუფში ნული ქულა აქვთ, პორტუგალიას და თურქეთს 3-3. აღნიშნული დაპირისპირება ორივე ნაკრებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.