დევდარიანმა სიონი დატოვა
კლუბში 3-თვიანი მუშაობის შემდეგ, გიორგი დევდარიანმა „სიონის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. ბოლნისის კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის გავრცელებული ინფორმაციით, 51 წლის სპეციალისტმა ასეთი გადაწყვეტილება პირადი მიზეზების გამო მიიღო. დევდარიანმა ქვემო ქართლის გუნდი მარტში ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 13 შეხვედრიდან „სიონმა“ 8 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 3 წააგო.
უკვე ცნობილია, რომ დევდარიანს ბოლნისური გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე გაგა კირკიტაძე შეცვლის, რომლის ბოლო სამუშაო ადგილი „გაგრა“ იყო და ამ გუნდის Crystalbet ეროვნულ ლიგაში აღზევება სწორედ მის სახელს უკავშირდება. თექვსმეტი ტურის შემდეგ 29 ქულით ბოლნისელები Crystalbet ეროვნულ ლიგა 2-ში მეორე ადგილზე არიან და ლიდერ „რუსთავს“ მხოლოდ ქულით ჩამორჩებიან. ახალი გუნდის თავკაცის რანგში კირკიტაძის დებიუტი 31 ივლისს, „ვიტ ჯორჯიასთან“ საშინაო მატჩში შედგება.
გიორგი დევდარიანმა სამწვრთნელო კარიერა 2002 წელს საფეხბურთო კლუბ „თბილისში“ დაიწყო და მას შემდეგ უამრავ გუნდში მუშაობდა. ყველაზე დიდ წარმატებას კი მან საქართველოს 17-წლამდე ნაკრებსა და გორის „დილაში“ მიაღწია. ასაკობრივი გუნდი გიორგიმ ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში, გორელები კი უეფას თასის პლეი ოფში გაიყვანა.