ალბანეთის გმირობა - ხორვატიას ქულები წაართვა
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ხორვატია ალბანეთს დაუპირისპირდა. გულშემატკივრებმა საოცარი დაპირისპირება იხილეს, რომელიც 2:2 დასრულდა.
პირველი ტაიმი ალბანეთმა აქტიურად დაიწყო და საწყის წუთებზე დაწინაურდა. მე-11 წუთზე თავი ქიაზიმ ლაციმ გამოიჩინა. გაშვებული გოლის შემდეგ, ხორვატია ვერ გააქტიურდა და პირიქით, მომენტები ალბანელებს ჰქონდათ. მეტიც, დალიჩის შეგირდებმა პირველ ნახევარში კარში ზუსტად ვერ დაარტყეს.
მეორე ტაიმში ყველაფერი შეიცვალა. ხორვატებმა ზეწოლა გაზარდეს და ალბანეთი კონტრ-შეტევაზე გადავიდა. 2-წუთიან მონაკვეთში მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორებმა ორი გოლი გაიტანეს. 74-ე წუთზე კრამარიჩმა გაიტანა, ხოლო 76-ე წუთზე გასულამ ბურთი საკთარ კარში ჩაჭრა.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ხორვატიის ნაკრების დაცვის ხაზი ჩავარდა, რითიც გასულამ ისარგებლა, საკუთარი შეცდომა გამოასწორა და წონასწორობა აღადგინა.
ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, ხორვატიას 1 ქულა აქვს, ალბანეთსაც ერთი. 3-3 ქულები აქვთ ესპანეთს და იტალიას, თუმცა მეორე ტურის შეხვედრაში ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.