შავი ლომი კიდევ ორი წლით ჩელენჯ თასზე
EPCR-ის ხელმღვანელებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ მათი ეგიდით მიერ ორგანიზებულ ტურნირში, ჩელენჯ თასზე „შავი ლომი“ კიდევ ორი სეზონი ითამაშებს. რამდენიმე წლის წინ, საქართველოს პირველი პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზის ჩამოყალიბების მთავარი მიზანი საკლუბო დონეზე ერთგვარი სანაკრებო ბირთვის ჩამოყალიბება გახლდათ, რაც „ბორჯღალოსნების“ წევრების შეთამაშებას შეუწყობდა ხელს.
ჩანაფიქრი შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად თუ არა ნაწილობრივ მაინც სისრულეშია მოყვანილი, რადგან „შავი ლომის“ მორაგბეთა 60 პროცენტი ეროვნულ ნაკრებში ერთად თამაშობს. გარდა ამისა, შარშანდელ სეზონში დებიუტანტის კვალობაზე, ქართველებმა არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება დატოვეს და სტუმრად უელსის „სკარლეტსის“ დამარცხებით გულშემატკივარს ნამდვილი სენსაცია შესთავაზეს.
მომდევნო სეზონში რიჩარდ კოკერილის მომზადებული გუნდი ჩელენჯ თასის პარალელურად, რაგბი ევროპის სუპერ თასზეც გამოვა, რაც ბუნებრივია გრძელ სათადარიგო სკამს მოითხოვს. სწორედ ამიტომ გუნდმა რვა ახალი მორაგბე, კახა დარბაიძე, ვლადიმერ ჩაჩანიძე, გუგა ღანიაშვილი, გიორგი ნიკოლაძე, გიორგი სინაურიძე, გიორგი ცუცქირიძე, ნოდარ დოლიძე და დავით ხუროშვილი დაიმატა. როგორც ევროპის ჩელენჯ თასის, ასევე რაგბი ევროპის სუპერ თასის ახალი სეზონის კალენდარი უახლოეს მომავალში დადგინდება.