გიორგი მიქაუტაძე, რაფაელ ვან დერ ვაარტი, პიერ ვან ჰოიდონკი
Aa
Aa

„ყველა სახიფათო შეტევაში იყო ჩართული“ | ვან ჰოიდონკი და ვან დერ ვაარტი მიქაუტაძეზე

საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების მატჩის შემდეგ, საფეხბურთო გადაცემის, Studio Fußball-ის წამყვანებმა, პიერ ვან ჰოიდონკმა და რაფაელ ვან დერ ვაარტმა გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრეს. ვან ჰოიდონკმა ქართველი თავდამსხმელი შეაქო, ვან დერ ვაარტმა კი განსხვავებული პოზიცია დაიკავა.

„თუ სწორად მახსოვს, მიქაუტაძეზე საუბრისას კომენტატორმა აღნიშნა, სვენ მისლინტატი (აიაქსის ყოფილი სპორტული დირექტორი, ვინც გიორგი შეიძინა) მართალი ყოფილაო. მისი პირველი გოლი შემთხვევითობა იყო და აიაქსისთვის შესაფერისი ფეხბურთელი არ ყოფილა“, - განაცხადა ვან დერ ვაარტმა.

„მეცში გატარებულ 6 თვეში, 14 გოლი გაიტანა. აიაქსში თავდამსხმელად არ უთამაშია და სულ ფლანგზე აყენებდნენ. აშკარაა, რომ არც ისეთი ცუდი ფეხბურთელია, როგორადაც მას აქ წარმოაჩენდნენ. საქართველოს ყველა სახიფათო შეტევაში იყო ჩართული და არ დაკარგულა. ნუთუ, ასეთ მაღალ დონეზე, ეს ბრწყინვალე მიღწევა არაა?!“, - აღნიშნა ვან ჰოიდონკმა, რის შემდეგაც ვან დერ ვაარტი მას დაეთანხმა, მაგრამ დასძინა, რომ მიქაუტაძეს „აიაქსში“ იგივე არ უჩვენებია.

ცნობისთვის, მიქაუტაძემ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველი გოლი გაიტანა და დუბლთანაც ძალიან ახლოს იყო. მეტოქის კარისკენ მას 4 დარტყმა ჰქონდა და სტატისტიკურმა სააგენტომ, Whoscored-მა მისი თამაში 7.5 ქულით შეაფასა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბოლო ეპიზოდისას გული გამიჩერდა“ | რა თქვეს თურქმა ფეხბურთელებმა მატჩის შემდეგ
„ბოლო ეპიზოდისას გული გამიჩერდა“ | რა თქვეს თურქმა ფეხბურთელებმა მატჩის შემდეგ