გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, რობერტ ლევანდოვსკი, გიორგი მერებაშვილი
Aa
Aa

მერებაშვილი: „ჩეხეთი თურქეთზე ძლიერია“

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ეროვნული გუნდის მომდევნო მეტოქე ჩეხეთის ნაკრები იქნება, რომელსაც აქამდე არასოდეს შეხვედრია. პლეი ოფში გასვლის შანსებზე ჯერჯერობით საუბარი რთულია, რადგან ყველაფერთან ერთად, ისიც გასათვალისწინებელია, თუ როგორი სატურნირო ვითარება იქნება დანარჩენ ჯგუფებში. რამდენად კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ქართველმა ფეხბურთელებმა პირველ ტურში და მომდევნო ეტაპზე გასვლის რა შანსები აქვთ, ამის შესახებ Crystalsport-ი ვეტერან ფეხბურთელს, გიორგი მერებაშვილს ესაუბრა.

რა თქვა მერებაშვილმა

დასანანია, რომ დავმარცხდით, რადგან წასაგები თამაში ნამდვილად არ იყო. როდესაც გამოცდილება გაკლია, პირველი მატჩი ყოველთვის ემოციური გამოდის და ალბათ, ამის გამოც დავთმეთ შეხვედრა.

წინ ჩეხეთთან მატჩია, სადაც კიდევ უფრო დიდი ყურადღებით გვმართებს თამაში, რადგან ჩემი აზრით, ჩეხებს თურქებზე ძლიერი გუნდი ჰყავთ. საქართველოს ნაკრების მოთამაშეები ახლა უნდა დამშვიდდნენ და გამოიჩინონ კიდევ ერთხელ ის სითამამე, რაც ამ გუნდში ყველაზე მეტად მომწონს.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ბუნებრივია ისე ვერ ითამაშა, როგორც ჩვენ მისგან ვართ მიჩვეული, მაგრამ ხალხის რეაქცია არ მიკვირს, რადგან საუკეთესოს ყოველთვის უფრო მეტად აკრიტიკებენ. პოლონეთში ვცხოვრობ და რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, აქაურები ახლაც თვლიან, რომ მათი ქვეყნის ნაკრები რობერტ ლევანდოვსკის გარეშე უკეთესად თამაშობს.

უნდა წასულიყო თუ არა წინ გიორგი მამარდაშვილი? ამაზე ორი აზრი რომ იარსებებდა, მაშინვე ვიცოდი. ერთი წუთით დავფიქრდეთ და წარმოვიდგინოთ, რომ იმ ეპიზოდში გოლი გაგვეტანა, მაშინ ხომ გიორგის არავინ უსაყვედურებდა? ასე რომ შორიდან ამ თემაზე საუბარი ადვილია, მოედანზე ყოფნა და გადაწყვეტილების მიღება კი რთული.

გიორგი მერებაშვილმა გუშინ პოლონეთის „პოდბესკიძიეს“ შემადგენლობაში ბოლო შეხვედრა ჩაატარა და ბიელსკო-ბიალას კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა. თუ სად განაგრძობს კარიერას ვეტერანი ნახევარმცველი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩალჰანოღლუ: “უნდა მოგვეგო და მოვიგეთ კიდეც“
ჩალჰანოღლუ: “უნდა მოგვეგო და მოვიგეთ კიდეც“