კრიშტიანუ რონალდუ, ვიტინია, ფრანსისკო კონსეისაუ
Aa
Aa

ფავორიტმა მაინც მოიგო - პორტუგალიის მძიმე გამარჯვება ჩეხებთან

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტური ლაიპციგის „რედ ბულ არენაზე“ გამართული პორტუგალია - ჩეხეთის F ჯგუფის შეხვედრით დასრულდა. საქართველოს ნაკრების ორ მომავალ მეტოქეს შორის ჩატარებულ თამაშში ფავორიტად მიჩნეულმა პორტუგალიელებმა 2:1 მოიგეს და სატურნირო ცხრილს სათავეში თურქებთან ერთად ჩაუდგნენ.

ძირითად შემადგენლობაში დაიწყო შეხვედრა პორტუგალიელთა კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ, რომლისთვისაც ეს რიგით მე-6 კონტინენტის პირველობაა, რითაც ყველა დროის რეკორდსმენია. მისი თანაგუნდელი, 41 წლისა 113 დღის პეპე კი ტურნირის ყველა დროის ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე გახდა. „ლუზიტანები“ პირველ ნახევარში უპირატესობას ფლობდნენ და მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე ყველა შემთხვევაში დააკლდათ.

მეორე ტაიმი მოულოდნელად დაიწყო - ჩეხების ერთ-ერთი იშვიათი შეტევა ლუკაშ პროვოდმა ზუსტი დარტყმით დაამთავრა და თავისი გუნდი დააწინაურა. რობერტო მარტინესმა დიოგო ჟოტას და გონსალო ინასიოს ჩართვით მაშინვე სცადა შეტევების გაძლიერება, მაგრამ პორტუგალიელებმა ანგარიში არა მათი, არამედ ვიტინიას აქტიურობის შემდეგ გაათანაბრეს, როდესაც მის პასს რობინ ჰრანაცის ავტოგოლი მოჰყვა. რაც შეეხება ჟოტას, „ლივერპულის“ ფეხბურთელს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო, მაგრამ მის მიერ გატანილი ბურთი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. სამაგიეროდ, შედეგი გამოიღო მარტინესის მიერ განხორციელებულმა ცვლილებების მეორე სერიამ და შეცვლაზე შესულმა ფრანსისკო კონსეისაომ არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში თანამემამულეებს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა.

მომდევნო მეორე ტურში, პორტუგალიის ეროვნული გუნდი თურქებს დაუპირისპირდება. ჩეხების მეტოქე კი საქართველოს ნაკრები იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩალჰანოღლუ: “უნდა მოგვეგო და მოვიგეთ კიდეც“
ჩალჰანოღლუ: “უნდა მოგვეგო და მოვიგეთ კიდეც“