ქოჩორაშვილი საუკეთესო იყო - შაშიაშვილის შეფასება
საქართველოს ეროვნულმა გუნდმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი თურქეთის ნაკრებთან მარცხით (1:3) დაიწყო, თუმცა ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა საოცრად მაღალი ხარისხის ფეხბურთი ითამაშეს და დამარცხებას არ იმსახურებდნენ. სწორედ ასეთი შეფასება აქვს ვეტერან ქართველ ფეხბურთელს გიორგი შაშიაშვილს, რომელიც ეროვნული გუნდის ღირსებას წლების განმავლობაში იცავდა და Crystalsport-თან ინტერვიუში ასეთი მოსაზრება გამოთქვა.
რა თქვა შაშიაშვილმა
არ ვფიქრობ და ვერავინ დამარწმუნებს, რომ თურქეთმა საქართველოზე მაღალი დონის ფეხბურთი ითამაშა. მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი - უბრალოდ არ გაგვიმართლა და ეს იყო ძალიან დასანანი მარცხი.
ვის გამოვარჩევდი? ქოჩორაშვილმა საოცარი შთაბეჭდილება დატოვა. ჯაბა კანკავასთან ერთად წლების განმავლობაში ვთამაშობდი და გიორგი მას ძალიან ბევრი თვისებით ჰგავს - დამაჯერებლად ამოაქვს დაცვიდან ბურთი და ლიდერის თვისებებით არის დაჯილდოებული, რის გამოც ვფიქრობ, რომ „ლევანტეზე“ უფრო მაღალი კლასის კლუბში იმსახურებს თამაშს.
კვარაცხელიასთვის ეს არ იყო იმ დონის მატჩი, როგორსაც მისგან ველით, თუმცა ხვიჩას ჰქონდა პერიოდული აფეთქებები და მისი გაკრიტიკება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. არ დაგავიწყდეთ, რომ ბურთის მიღებისთანავე მის სიახლოვეს 2-3 თურქი ფეხბურთელი ჩნდებოდა და ასეთი მეურვეობის პირობებში ყოველთვის რთულია თავის გამოჩენა.
გვაქვს თუ არა პლეი ოფში გასვლის შანსი? რა თქმა უნდა გვაქვს. ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე თითქმის ყველა მატჩს ვუყურე და ასეთი აგრესიული და ინტენსიური თამაში, რაც საქართველოს ნაკრებმა აჩვენა, ბევრს არ უთამაშია.
მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები ჩეხეთის ნაკრებთან გამართავენ და მატჩი შაბათს, 22 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.