უიღბლობის კორიანტელი - საქართველო თურქეთთან დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველო თურქეთს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 1:3 დამარცხდა.
თავდაპირველად თურქები აქტიურობდნენ, თუმცა კონტრ-შეტევის დროს ანზორ მექვაბიშვილს გოლის გატანის კარგი მომენტი ჰქონდა. ქართველ ნახევარმცველს თურქთა მეკარემ აჯობა.
ნელ-ნელა მონტელას შეგირდებმა უპირატესობა გაზარდეს, რასაც 25-ე წუთზე მიულდურის ეფექტური გასროლა და გოლი მოყვა. გიორგი მამარდაშვილი უძლური იყო.
გატანილი გოლის შემდეგ, თურქები ისევ აქტიურობდნენ, ისევ გაიტანეს, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა.
ამის შემდეგ, უკვე ჯვაროსნების ჯერი დადგა. ბრწყინვალე კომბინაციის შემდეგ, გიორგი ქოჩორაშვილის პასით მიქაუტაძემ ისარგებლა, წონასწორობა აღადგინა და ისტორიული გოლი გაიტანა.
მეორე ტაიმი თურქეთმა აქტიურად დაიწყო და გიორგი მამარდაშვილს რამდენჯერმე მოუწია საქართველოს გადარჩენა.
65-ე წუთზე, გიორგი წიტაიშვილმა ბურთი საკუთარ ნახევარზე დაკარგა, რითიც არდა გიულერმა ისარგებლა. მადრიდის რეალის ფეხბურთელმა საქართველოს ეფექტური გოლი გაუტანა.
ამის შემდეგ, სანიოლის შეგირდები გააქტიურდნენ. კარგი მომენტი ჰქონდა ქოჩორაშვილს, თუმცა მისი დარტყმა ძელს მოხვდა. ბოლო წუთები კი საოცრად დაძაბული აღმოჩნდა. გოლის გატანის შანსი გიორგი მიქაუტაძეს ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმა სანტიმეტრებით ასცდა კარს.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, თურქეთის კარის მიმართულებით ჯარიმა დაინიშნა. ხვიჩა კვარაცხელიას დარტყმა ძელს მოხვდა, დამატებაზე ზურიკო დავითაშვილი ცარიელ კარში ურტყამდა, თუმცა ბურთს მცველი გადაეფარა და კუთხურზე მოიგერია. ბოლო წამებზე საქართველო კვლავ კუთხურს აწვდიდა. მამარდაშვილი საჯარიმოში იყო ჩასული.
თურქებმა ეპიზოდი განმუხტეს და ბურთი წინ მოიგერიეს, რომელიც ალთუნაშვილს მიუვიდა. ბათუმის ყოფილმა ფეხბურთელმა ბურთი დაკარგა და აკტურკოღლუმ ცარიელ კარში გაიტანა.
ცნობისთვის, შემდეგ ტურში საქართველო ჩეხეთს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 22 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.