მამარდაშვილი ბარსელონათი იწყებს - ლა ლიგის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია
მართალია ჯერჯერობით „ოვიედო“ – „ესპანიოლის“ პლეი ოფის ორრაუნდიანი დუელი ჯერჯერობით არ დასრულებულა და ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ოცივე მონაწილის ვინაობა ცნობილი არ არის, თუმცა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა დღეს უკვე მომავალი სეზონის კალენდარი გამოქვეყნეს.
ბევრი ინფორმაცია ვრცელდება იმის თაობაზე, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ დატოვებს, მაგრამ 23 წლის ქართველი მეკარე ჯერ ისევ „ღამურების“ წევრია და გეტყვით, რომ ეს გუნდი გათამაშებას 15 აგვისტოს „ბარსელონასთან“ საშინაო მატჩით დაიწყებს. რაც შეეხება ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოქმედ ჩემპიონ მადრიდის „რეალს“, სამეფო გუნდის პირველი მეტოქე ბალეარის კუნძულებზე ადგილობრივი „მალიორკა“ იქნება.
არამარტო ესპანეთის პირველობის, არამედ მთლიანად მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეული დაპირისპირება „ელ კლასიკო“ პირველ წრეში, მე-11 ტურში 27 ოქტომბერს მადრიდში შედგება, მეორე წრეში კი 35-ე ტურში 11 მაისს ბარსელონაში. ლა ლიგა 25 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე (31 მაისი) ექვსი დღით ადრე დასრულდება.