„კვარა ჩვენი ლიდერია, სერია A წინსვლაში გეხმარება“ | კალაძე ნაკრებსა და ქართულ ფეხბურთზე
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, კახა კალაძემ იტალიურ გამოცემას, La Repubblica-ს ინტერვიუ მისცა. კალაძემ ქართული ფეხბურთის პროგრესსა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე ისაუბრა.
„საქართველოში ფეხბურთი ძალიან უყვართ. ნიჭიერი მოთამაშეები ყოველთვის გვყავდა და ფეხბურთის ბუმს, რომელიც ახლა დგას, სოლიდური საძირკველი აქვს. თუმცა, მახსოვს, როცა პატარა ვიყავი და სსრკ ახალი დაშლილი იყო, ქვეყანაში ისეთი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა შეიქმნა, სპორტის ხელშეწყობა შეუძლებელი გახლდათ. ახლა ყველაფერი სხვანაირადაა. საქართველო, როგორც დემოკრატიულად, ისე ეკონომიკურად წინ წავიდა და საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული, რათა ახალგაზრდებს თავიანთი შესაძლებლობების გამოჩენის საშუალება მიეცეთ.
ჩვენი ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელიაა. მან დაამტკიცა, რომ თავის პოზიციაზე, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ეროვნულ გუნდს სხვა ნიჭიერი ფეხბურთელებიც ჰყავს. მაგალითად, გიორგი მამარდაშვილი, რომელიც სუპერ დონის მეკარეა ან სიგუა და კიტეიშვილი, რომლებიც შვეიცარიასა და ავსტრიაში თამაშობენ. ქართველი ფეხბურთელებით უფრო და უფრო მეტი გრანდი ინტერესდება.
ნაპოლის კვარას გაფორმება მაშინ უნდოდა, როცა ხვიჩა რუსეთში თამაშობდა. გუნდის მაშინდელ თავკაცთან, ჯენარო გატუზოსთან სატელეფონო საუბარი გავმართე და მკითხეს, ხვიჩა როგორი ფეხბურთელიაო. ვუთხარი, ძალიან ძლიერია-მეთქი და გამიხარდა, მისი აყვანა რომ გადაწყვიტეს. სერია A გაზრდაში ძალიან გეხმარება და ჩემს ცოდნას მაქსიმალურად გამოვიყენებ, რათა ქართველმა ფეხბურთელებმა თავიანთი პოტენციალი წარმოაჩინონ“.
ცნობისთვის, ჩვენი ნაკრები რამდენიმე საათში ევრო 2024-ის სადებიუტო შეხვედრას გამართავს და თბილისის დროით, 20:00-ზე თურქეთს დაუპირისპირდება.