საქართველო VS თურქეთი | როგორია Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას რამდენიმე საათში გამართავს და თურქეთს დაუპირისპირდება. დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით, Opta-ს სუპერკომპიუტერმა საკუთარი პროგნოზი შემოგვთავაზა და გუნდების შანსებზე ისაუბრა.
Opta-მ საკუთარ სუპერკომპიუტერს საქართველოსა და თურქეთის მატჩის 10 000 სიმულაცია ჩაატარებინა, რომლებიდანაც 55.6 პროცენტში გამარჯვება თურქეთს დარჩა. სიმულაციების 24 პროცენტი ფრედ დასრულდა, ხოლო 20.4 პროცენტში „ჯვაროსნებმა“ მოიგეს.
„2012 წლის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის 8 დებიუტანტიდან, პირველი მატჩი მხოლოდ სამმა მოიგო. უკრაინამ შვედეთი დაამარცხა, უელსმა სლოვაკეთს მოუგო, ხოლო ფინეთმა - დანიას. თურქეთს ახალგაზრდა გუნდი ჰყავს, ჰაკან ჩალჰანოღლუ კი ევრო 2024-ის საუკეთესო ნახევარმცველებს შორისაა.
თუმცა, ხვიჩა კვარაცხელიას სახით, სუპერვარსკვლავი საქართველოს ნაკრებსაც ჰყავს. ვილი სანიოლს მისი იმედი ექნება, რომ ნაპოლის გარემარბმა თანაგუნდელებს მაგალითი მისცეს. კვარას ამისთვის საჭირო გამბედაობა ნამდვილად აქვს და საკვალიფიკაციო ეტაპზე, საშუალოდ 90 წუთში, მასზე მეტი წარმატებული დრიბლინგი არავის ჰქონია“, - წერს Opta-ს ვებგვერდი, The Analyst-ი.
ცნობისთვის, თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩს „სიგნალ იდუნა პარკი“ უმასპინძლებს და შეხვედრა თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება.