„კვარას დასახასიათებლად სიტყვები საკმარისი არაა“ | ქინქლაძე Four Four Two-ს ესაუბრა
ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი ქინქლაძემ ავტორიტეტულ ბრიტანულ ჟურნალს, Four Four Two-ს ინტერვიუ მისცა. „ქინქიმ“ ხვიჩა კვარაცხელია და ვილი სანიოლი შეაქო და საქართველოს ნაკრების ლიდერებზე ისაუბრა.
„კვარა კვარაა! მის დასახასიათებლად სიტყვები საკმარისი არაა. ხვიჩამ საქართველოს იმედი გაუჩინა და ქვეყანას სიხარული და ბედნიერება მოუტანა. ის ბავშვების, გულშემატკივრებისა და თანაგუნდელების მისაბაძი მაგალითია.
მიმიცია თუ არა მისთვის რჩევა? კი, რამდენჯერმე. ჩემი რჩევა იყო, ფეხბურთის თამაშით სიამოვნება გაეგრძელებინა. საფეხბურთო კარიერაში პრობლემები გარდაუვალია და აღმასვლები და დაღმასვლები ყველას აქვს, მაგრამ თავდადებითა და სათანადო დამოკიდებულებით ყველაფრის მიღწევა შეიძლება. ხვიჩა მსოფლიოს დაიპყრობს.
კვარაცხელიას მნიშვნელოვანი როლი აქვს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ნაკრები მასზეა დამოკიდებული. საქართველოს ეროვნული გუნდის ამ თაობით ძალიან ვამაყობ და მათ ყველაფერი შეუძლიათ. ერთმანეთს ეხმარებიან, ერთმანეთისთვის მსხვერპლს იღებენ და განსაკუთრებული ბიჭები არიან. კარში გიორგი მამარდაშვილი გვიდგას. ნაკრებში ასევე გვყავს გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, ოთარ კიტეიშვილი და ამომავალი ვარსკვლავები ანზორ მექვაბიშვილი და გაბრიელ სიგუა.
ვილი სანიოლს რაც შეეხება, მან ყველას აჩვენა, რომ ბრწყინვალე მთავარი მწვრთნელი და უკეთესი ფსიქოლოგია. მისი შედეგები ყველაფერს ამბობს“.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის F ჯგუფის პირველი მატჩი თურქეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის 18 ივნისს, დორტმუნდში გაიმართება. ჩვენი გუნდი თურქეთისთვის ქალაქ ფელბერტში ემზადება.