ვიობერის ავტოგოლი - საფრანგეთმა ავსტრიას მინიმალური სხვაობით მოუგო
ევრო 2024-ის D ჯგუფის მეორე შეხვედრაში ავსტრია საფრანგეთთან 0:1 დამარცხდა. ანგარიში 38-ე წუთზე გაიხსნა, კილიან მბაპეს ჩაწოდების შემდეგ მაქსიმილიან ვიობერმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
საკმაოდ უხეში თამაში გამოვიდა, მთავარმა მსაჯმა ფეხბურთელებს 7 ყვითელი ბარათი უჩვენა. ავსტრიელებმა გრიზმანისა და მბაპეს წინააღმდეგ უხეშად ითამაშეს.
კილიან მბაპეს გოლის გატანის რეალური შანსი მეორე ტაიმში ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა. რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, მას ევროპის ჩემპიონატზე გოლი ჯერ კიდევ არ გაუტანია.
დიდიე დეშამმა ცვლილებაზე ოლივიე ჟირუ ათამაშა, მან უკვე მე-7 დიდ ტურნირზე ითამაშა, ფრანგთა შორის ჟირუ ლილიან ტურამს, ტიერი ანრისა და უგო ლორისს გაუთანაბრდა.
ფრანგებმა დიდიე დეშამის ხელმძღვანელბით ბოლო ოთხი დიდი საფეხბურთო ტურნირიდან სამჯერ ფინალში ითამაშეს: ევრო 2016-ის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდნენ, 2018-ში მუნდიალი მოიგეს, 2022-ში მუნდიალის ფინალში არგენტინასთან დამარცხდნენ.
ამავე ჯგუფში პოლონეთი ნიდერლანდებთან 1:2 დამარცხდა.
მეორე ტურში ნიდერლანდები-საფრანგეთი (21 ივნისი, 23:00) და პოლონეთი-ავსტრია (21 ივნისი, 20:00) გაიმართება.