კვარაცხელიას დიდი იმედი მაქვს - სულაქველიძე საქართველოს ნაკრების შანსებზე
სანამ საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიულ წარმატებას მიაღწევდა და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებდა, კონტინენტის პირველობაზე თამაშის გამოცდილება საბჭოთა კავშირის სახელით რამდენიმე ქართველს ჰქონდა ნათამაშები. ერთ-ერთი მათგანი თენგიზ სულაქველიძე კი 1988 წელს ტურნირის ვერცხლის პრიზიორი გახდა. 67 წლის ვეტერანმა ფეხბურთელმა Crystalsport-თან ინტერვიუში თურქებთან ხვალ გასამართი მატჩის შესახებ ისაუბრა
რა თქვა სულაქველიძემ
საოცრად ოპტიმისტური განწყობა მაქვს და ვფიქრობ, რომ თურქეთის ნაკრების დამარცხება შეგვიძლია. ბუნებრივია, სხვა ქართველების მსგავსად, დიდი მოლოდინი მაქვს იმის, რომ ხვიჩა კვარაცხელია თამაშს საკუთარ თავზე აიღებს და ნაკრებს გამარჯვებისკენ გაუძღვება. ბიჭებს ყველაფერი კარგად აქვთ გააზრებული და ვიცი, რომ თითოეული მათგანი მაქსიმუმს გაიღებს საიმისოდ, რომ მარტში მიღწეული წარმატებები გაგრძელდეს და ქართველ გულშემატკივარს კიდევ უფრო დიდი სიხარული მიანიჭონ.
თენგიზ სულაქველიძემ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში თამაშისას თითოჯერ თასების მფლობელთა თასი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი და საბჭოთა კავშირის თასი მოიგო. 1988 წელს კი ის როგორც უკვე მოგახსენეთ, ევროპის პირველობის ვერცხლის პრიზიორი გახდა.