ვინ შეცვლის კიტეიშვილს? - 2 ყველაზე რეალური ვარიანტი
ევრო 2024-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ მატჩს თურქეთთან გამართავს. ამ შეხვედრაში ვილი სანიოლის გუნდს ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარება.
CrystalSport-ის ცნობით, სანდრო ალთუნაშვილი ვარჯიშებზე საკმაოდ კარგად გამოიყურება. შესაძლოა, კიტეიშვილი სანდრომ შეცვალოს. გასული ზამთრიდან მოყოლებული სანდროს პროგრესი ძალიან აშკარაა, საკლუბო დონეზე კარგი მატჩები ჩაატარა, რასაც ნაკრებში მონტენეგროსთან მატჩი მოჰყვა, ცვლილებაზე გამოვიდა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
გამოცდილება თუ ამჟამინდელი ფორმა? - არჩევანი ალთუნა-კვეკვეს შორის
სავარაუდოდ, ვილი სანიოლი ქოჩორაშვილს პოზიციას არ შეუცვლის, ჩამშლელზე ათამაშებს, რაც მექვაბიშვილის თამაშს გამორიცხავს, რადგან 2 ჩამშლელით თამაში ნაკლებად პროგნოზირებადია. კიტეიშვილის პოზიციაზე ალთუნაშვილის გარდა კვეკვესკირიც განიხილება, თუმცა გასული სეზონიდან გამომდინარე მისი ფიზიკური ფორმა გაცილებით უკეთესის სურვილს ტოვებს. რაც შეეხება 18 წლის გაბრიელ სიგუას, კონკურენტებთან შედარებით ნაკლებად გამოცდილია და შესაძლოა ამ ფაქტორის გათვალისწინებით ფრანგმა სპეციალისტმა უმნიშვნელოვანეს მატჩში სასტარტოში არ დააყენოს. ასე რომ, სანდროს სასტარტოში თამაში ყველაზე რეალურ ვარიანტად მიგვაჩნია, თუმცა შესაძლოა სანიოლმა უპირატესობა არა ფეხბურთელთა ამჟამინდელ ფორმას, არამედ გამოცდილებას მიანიჭოს და ალთუნა-კვეკვეს შორის არჩევანი პოზნანის „ლეხის'' ნახევარმცველზე შეაჩეროს, როგორც ეს მონტენეგროსთან მოხდა, ტრავმირებული კიტეიშვილი კვეკვემ შეცვალა.
ევრო 2024 | საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი
18 ივნისი | თურქეთი - საქართველო | 20:00
22 ივნისი | საქართველო - ჩეხეთი | 17:00
26 ივნისი | საქართველო - პორტუგალია | 23:00
ფოტო: Nakrebi.ge