ისტორიული მატჩი ლეგენდის დაბადების დღეზე
ხვალ ქართული ფეხბურთისთვის გამორჩეული დღეა - საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ერთადერთი დებიუტანტია, კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე პირველ შეხვედრას თურქეთის გუნდთან გამართავს. საინტერესო დამთხვევაა, რომ 73 წლის წინ, სწორედ ხვალინდელ დღეს, 18 ივნისს, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი დავით ყიფიანი დაიბადა. ის იყო თბილისის „დინამოს“ იმ ოქროს თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, რომელმაც 1981 წლის 13 მაისს, თასების მფლობელთა თასის მოგებით ქართველ ქომაგებს დაუვიწყარი სიხარული მოუტანა.
დავით ყიფიანი 1951 წლის 18 ივნისს თბილისში დაიბადა. საკლუბო კარიერის მანძილზე უთამაშია დედაქალაქის ორ კლუბში, „ლოკომოტივსა“ და „დინამოში“, რომლის შემადგენლობაშიც 1978 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, 1981 წელს კი თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული გახდა. საკავშირო პირველობაზე ყიფიანმა და მისმა თანაგუნდელებმა 1977 წელს - ვერცხლის, 1971, 1972 და 1976 წლებში კი ბრინჯაოს მედლები მოიგეს. საბჭოთა კავშირის თასი „დინამოს“ ლეგენდარულმა ათიანმა 1976 და 1979 წლებში მოიპოვა. სსრკ-ს ეროვნულ და ოლიმპიურ გუნდში საერთო ჯამში ჩატარებულ 21 მატჩში 9 გოლი გაიტანა. 2007 წლის 17 სექტემბერს, წეროვანთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპა. უბედური შემთხვევიდან ოთხი წლის შემდეგ, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მას სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.
საკმაოდ წარმატებული გახლდათ მისი სამწვრთნელო კარიერაც - თბილისის „დინამოს“ მისი და რევაზ ძოძუაშვილის დუეტმა 7-ჯერ საქართველოს ჩემპიონატი, 4-ჯერ საქართველოს თასი და 2-ჯერ საქართველოს სუპერთასი მოაგებინა. 1997 წელს ქვეყნის ეროვნულ გუნდს დამოუკიდებლად ამზადებდა და მისი ხელმძღვანელობით გამართული 7 თამაშიდან ფეხბურთელებმა 4 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს. 2000-2001 წლებში კი ანალოგიურ პოსტს უკვე ძოძუაშვილთან დუეტში იკავებდა და მაშინ 15 თამაშიდან 4-ში გუნდმა გაიმარჯვა, 5 ფრედ დაასრულა და 6 წააგო. თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების გარდა, ყიფიანი სხვადასხვა დროს ნიქოზიის „ოლიმპიაკოსს“, „რასინგ მეხელენს“, იაროსლავის „შინიკსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ ამზადებდა.
საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის დაბადების დღეს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრები ისტორიულ ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას გამართავს და იმედია, ქართველი ფეხბურთელები გულშემატკივარს ისეთივე დაუვიწყარ საღამოს აჩუქებენ, როგორიც ყიფიანმა და მისმა თანაგუნდელებმა 1981 წლის 13 მაისს დიუსელდორფში აჩუქეს.