კვარა, ევრო 2024 და ჩვენი მეტოქეები | სანიოლის ასისტენტი ESPN-ს ესაუბრა
ვილი სანიოლის ასისტენტმა, დევიდ უებმა ESPN-ს ინტერვიუ მისცა და საქართველოს ნაკრებზე ილაპარაკა. უებმა საბერძნეთთან გამართული პენალტების სერია გაიხსენა და ევრო 2024-ის F ჯგუფზე გაამახვილა ყურადღება, სადაც „ჯვაროსნების“ მეტოქეები პორტუგალია, თურქეთი და ჩეხეთი არიან.
„როცა ნიკა კვეკვესკირი პენალტის დასარტყმელად მივიდა, სტადიონზე ისეთი სიჩუმე იყო, ბუზის გაფრენის ხმას გაიგებდით. როცა ბურთი კარის ბადეში გაეხვია, მოხდა ის, რაც ფილმებში ხდება ხოლმე. მთელი სტადიონი აფეთქდა, ქომაგები მინდორზე შევიდნენ და უამრავი ცრემლი დაიღვარა.
საქართველოს გამარჯვებამ მთელ ქვეყანას დიდი ბიძგი მისცა. საქართველოს, რაგბიში კარგი ნაკრები ჰყავს და სპორტის სხვა სახეობებშიც კონკურენტუნარიანები არიან, მაგრამ მხოლოდ აქ ჩამოსვლის შემდეგ აანალიზებ, რამდენად მნიშვნელოვანი სპორტია მათთვის ფეხბურთი. თამაშის დასრულებიდან ნახევარი საათის შემდეგ, ავტობუსით რესპუბლიკის მოედანზე წავედით და იქ 50 000-ზე მეტი გულშემატკივარი დაგვხვდა. მომდევნო დღეების განმავლობაში, ყველა სატელევიზიო არხი ჩვენს წარმატებაზე ლაპარაკობდა და ევროზე გასვლას ხალხი ქუჩაში ზეიმობდა. საოცრება იყო.
კვარაცხელია? ხვიჩა მშვიდი ადამიანია. რა თქმა უნდა, საკლუბო დონეზე მიღწეული წარმატების გამო, ნაკრების მთავარი ვარსკვლავის სტატუსი აქვს, მაგრამ ვარჯიშებზე რომ ნახოთ როგორია და თანაგუნდელებთან როგორ იქცევა, მიხვდებით, რომ ერთი ჩვეულებრივი ბიჭია. მასთან პირადად უნდა ჩაატაროთ ვარჯიში, რათა გაითავისოთ, რამდენად მაგარი ფეხბურთელია.
ევრო 2024? რთული ჯგუფია, მაგრამ გერმანიაში ტურისტებად არ ჩავდივართ. გერმანიაში საყიდლებზე სასიარულოდ არ მივდივართ. მივდივართ იმიტომ, რომ ყველა თამაშში კონკურენტუნარიანები ვიყოთ და იმ ხარისხის გათვალისწინებით, რაც გვაქვს, ვფიქრობ, მინიმუმ ჯგუფიდან გასვლა შეგვიძლია. მძიმე თამაშები გველოდება, მაგრამ თუ ჩვენი შემტევები ხელსაყრელ მომენტებს მიიღებენ, ბრძოლის შანსი გვექნება“.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის F ჯგუფის პირველი მატჩი თურქეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის 18 ივნისს, დორტმუნდში გაიმართება. ჩვენი გუნდი თურქეთისთვის ქალაქ ფელბერტში ემზადება.