ნაპოლის ახალი წინადადება, ჩელსი და პსჟ | ჯოვანი მანა კვარას გერმანიაში შეხვდება
ხვიჩა კვარაცხელიას მომავალთან დაკავშირებით, იტალიურ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. ცნობილი სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს მიხედვით, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა „კვარას“ გაუმჯობესებული წინადადებით მიმართა.
„პარტენოპეის“ პირველმა პირმა ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც „პარი სენ-ჟერმენმა“ ქართველისადმი კონკრეტული ინტერესი გამოხატა. რომანოს ცნობით, დე ლაურენტისმა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტი გაუგზავნა, რომელშიც გაზრდილი ხელფასი და გამოსასყიდი თანხაა ჩაწერილი.
ცნობილი ჟურნალისტის ინფორმაციას Corriere dello Sport-იც ადასტურებს. იტალიური გამოცემა აცხადებს, რომ „ნაპოლი“ ერთ-ერთი ლიდერის გაშვებას არ აპირებს. ანტონიო კონტეს ოფიციალური წარდგენის შემდეგ, რომელიც 26 ივნისს არის დაგეგმილი, „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი, ჯოვანი მანა გერმანიაში ჩავა, სადაც ევრო 2024 მიმდინარეობს და კვარაცხელიას შეხვდება. მანა ყველაფერს გააკეთებს, რათა „კვარა“ დარჩენაზე დაიყოლიოს.
კვარაცხელიას გარშემო განვითარებულ მოვლენებს „პარი სენ-ჟერმენი“ და „ჩელსი“ აკვირდებიან. „არისტოკრატების“ სკაუტები ნეაპოლშიც იმყოფებოდნენ და ხვიჩას თამაშს თვალი სტადიონიდან მიადევნეს, მაგრამ ის ფაქტი, რომ „ლურჯები“ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდნენ, სერიოზული პრობლემაა.
პსჟ-ს რაც შეეხება, ნიკოლო სკირა წერს, რომ ფრანგებმა ქართველი ფეხბურთელისთვის ბრძოლა განაახლეს. ისინი მზად არიან, მას ხელფასის სახით, 9 მილიონ ევროს პლუს ბონუსები გადაუხადონ და 2029 წლის ზაფხულამდე გათვლილი ხელშეკრულება გაუფორმონ. მამუკა ჯუღელის ბოლო განცხადება სწორედ „პარი სენ-ჟერმენის“ გააქტიურების გამოძახილი გახლდათ.