„სახიფათო მეტოქეა, ბოლო წლებში დიდი პროგრესი აქვთ“ | ალტინტოპი საქართველოზე
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის პირველ შეხვედრას 18 ივნისს გამართავს და თურქეთს დაუპირისპირდება. თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის მმართველი საბჭოს წევრი, ჰამიტ ალტინტოპი მიიჩნევს, რომ „ჯვაროსნები“ სახიფათო მეტოქეები არიან.
„თითოეულ მატჩზე ინდივიდუალურად ვფიქრობთ. რჩება შთაბეჭდილება, რომ ევროპის ჩემპიონატის საქართველოსთან შეხვედრით დაწყება უპირატესობას წარმოადგენს, მაგრამ სახიფათო მეტოქე გვყავს. ბოლო წლებში, საქართველომ ფეხბურთში სერიოზული ინვესტიციები განახორციელა და დიდ პროგრესს მიაღწია.
საქართველოს ნაკრებს ჰყავს ელემენტები, რომლებსაც ჩვენთვის ხიფათის შექმნა შეუძლიათ, მაგრამ ჩვენ თურქეთი ვართ! მატჩისთვის მთელი სერიოზულობითა და მაქსიმალური კონცენტრაციით ვემზადებით. შეხვედრის შედეგს ჩვენი თამაში გადაწყვეტს და იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება“.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის F ჯგუფის პირველი მატჩი თურქეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის 18 ივნისს, დორტმუნდში გაიმართება. ჩვენი გუნდი თურქეთისთვის ქალაქ ფელბერტში ემზადება და გუშინდელ ვარჯიშში მონაწილეობა 25-მა ფეხბურთელმა მიიღო. კიტეიშვილი კვლავ ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებს მზადებას და უცნობია, თურქეთთან ითამაშებს თუ არა.