„კვარას მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია“ | არველაძე თურქეთი-საქართველოს მატჩზე
ქართული ფეხბურთის ლეგენდამ, შოთა არველაძემ საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების მატჩზე ისაუბრა. არველაძემ ინტერვიუ თურქულ TRT Spor-ს მისცა და „ჯვაროსნების“ პირველ მეტოქესთან დაკავშირებით, საინტერესო განცხადება გააკეთა.
„თურქეთის ნაკრებს შეუძლია, ხარისხიანი და ძლიერი ხასიათის მქონე გუნდი იყოს, რომელიც ყველა ტურნირზე წარმატებით ასპარეზობს, მაგრამ ამისთვის, საჭიროა, საუკეთესო დღე ჰქონდეთ და სტადიონზე სასურველი ატმოსფერო იგრძნონ. ამან შესაძლოა, საქართველოს პრობლემები შეუქმნას, თუმცა, არაა გამორიცხული, პირიქითაც მოხდეს.
როცა თურქეთის ნაკრების დღეა, მისი შეჩერება საქართველოს კი არა, არავის შეუძლია, რაც ვნახეთ კიდეც. თუმცა, თუ თურქებს რაღაც არ გამოსდით, პრობლემები ექმნებათ და ეს შესაძლოა, ჩვენთვის უდიდეს უპირატესობად იქცეს. ჩემი აზრით, საუკეთესო დღეს, თურქეთის ნაკრები შეუჩერებელი გუნდია.
საქართველოს ნაკრებს რაც შეეხება, გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც წამყვან ჩემპიონატებში თამაშობენ. 12-15 წლის წინ, ტოპ ლიგებში თითქმის არავინ გვყავდა, ახლა კი ჩვენი ფეხბურთელები იტალიური, ინგლისური, ფრანგული და ესპანური კლუბების ღირსებას იცავენ.
გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და იწერება, რომ მისი ფასი 40 მილიონი ევროა. გვყავს ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც პირადად შეუძლია, მატჩის ბედი გადაწყვიტოს. ძალიან იშვიათობაა ფეხბურთელი, რომელიც ამ ასაკში ასე თამაშობს. კვარაცხელია 23 წლისაა და 2022/23 წლების სეზონში, სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მისი გოლი სერია A-ს საუკეთესო გოლად დასახელდა და კვარა ოქროს ბურთის რეიტინგის ტოპ 20-ში მოხვდა“.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი
18 ივნისი | თურქეთი - საქართველო
22 ივნისი | საქართველო - ჩეხეთი
26 ივნისი | საქართველო - პორტუგალია