მბაპე ოლიმპიადაზე არ იქნება
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ფილიპ დიალოსა და ოლიმპიური ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ტიერი ანრის ოპტიმიზმი უსაფუძვლო აღმოჩნდა - „სამფეროვნების“ კაპიტანმა კილიან მბაპემ განაცხადა, რომ ის მის სამშობლოში გასამართ ზაფხულის ოლიმპიადაზე ვერ ითამაშებს.
დიალო ამტკიცებდა, რომ პარიზში ის მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს შეხვდა და მასთან მოკლე საუბრისას გააკეთა დასკვნა, რომ შესაძლოა სამეფო კლუბი დათმობაზე წასულიყო და მბაპესთვის მშობლიურ ქვეყანაში მთავარ სპორტულ ფორუმზე გამოსვლის საშუალება მიეცა, მაგრამ კილიანის კომენტარის შემდეგ, სულ სხვანაირად წარმოჩინდა ყველაფერი.
რა თქვა მბაპემ
ჩემი ახალი გუნდის პოზიცია ჩემს ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირში თამაშის შესახებ მარტივი და გასაგებია - მათ არ სურთ, რომ იქ ვითამაშო, რისი ახნაც ჩემთვის რთული ნამდვილად არ იყო. მეც არ მსურს, რომ „რეალს“ სექტემბერში შევუერთდე ისე, რომ სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპი მთლიანად გამოვტოვო. საფრანგეთის ოლიმპიურ ნაკრებსა და ტიერი ანრის წარმატებებს ვუსურვებ და მათთან რიგითი გულშემატკივრის რანგში ვიქნები.
„პარიზი 2024“-ის საფეხბურთო ტურნირის გათამაშებაში, საფრანგეთის ოლიმპიური გუნდი A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები ამერიკის შეერთებული შტატების, გვინეისა და ახალი ზელანდიის გუნდები იქნება.