სისხლდენა მატჩის დროს - კუმანს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, პოლონეთთან მატჩის მსვლელობისას, რონალდ კუმანი უჩვეულო და არაჰიგიენური მიზეზების გამო, ყურადღების ცენტრში მოექცა. ნიდერლანდების ნაკრების მთავარ მწვრთნელს ცხვირიდან სისხლდენა ჰქონდა, რა დროსაც კამერებმა დააფიქსირეს, რომ ის სისხლიან ხელს ტუჩებზე ისვამდა და პირში იდებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 61 წლის სპეციალისტის ასეთი საქციელი მისი ჯანმრთელობის პრობლემებით არის გამოწვეული. 2020 წელს კუმანმა კორონავირუსი საკმაოდ მძიმე ფორმებში გადაიტანა, საავადმყოფოში გადაყვანილს კი კათეტერი ჩაუდგეს. იმის გამო, რომ გული ხშირად უხდება ცუდად, ნიდერლანდელი სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს ღებულობს, რაც ცხვირიდან ხშირ სისხლდენას იწვევს და ამის რამდენიმე ფაქტი „ბარსელონაში“ მუშაობის დროს, პრეს-კონფერენციების დროს ფიქსირდებოდა.
პოლონელებთან უმნიშვნელოვანესი მატჩის მოგების შემდეგ, ნიდერლანდების ნაკრების თავკაცმა საინტერესოდ ისაუბრა.
რა თქვა კუმანმა
გერმანიამ შოტლანდიასთან მატჩის დასაწყისში ორი მომენტი შექმნა და ორი გოლი გაიტანა, ჩვენ კი ხუთი შანსიდან ერთი გამოვიყენეთ. ერთია საგოლე შესაძლებლობის შექმნა, მეორე კი მისი გამოყენება. თავისუფლად შეიძლებოდა ანგარიში 3:1, 4:1, ან 5:1 ყოფილიყო, მაგრამ საბოლოოდ მძიმე ბრძოლაში გავიმარჯვეთ. ვეგჰორსტის თამაშში ჩართვა მუდამ გამართლებულია, რადგან ის გამარჯვების გოლების გატანის სპეციალისტია.
ნიდერლანდების ნაკრებში მისი მუშაობის მეორე პერიოდში კუმანის ხელმძღვანელობით გამართულ მე-16 შეხვედრაში გუნდმა მე-11 გამარჯვება მოიპოვა.