მაისურაძე ამბიციურ და ფინანსურად ძლიერ უკრაინულ კლუბში ითამაშებს
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 22 წლის ფეხბურთელმა გიორგი მაისურაძემ თბილისის „დინამო’’ დატოვა და კარიერას უკრაინულ „პოლისია ჟიტომირში’’ გააგრძელებს. ინფორმაცია თბილისურმა კლუბმა დაადასტურა.
CrystalSport-ის ინფორმაციით, მაისურაძეს ბელგიური „კორტრაიკის'' და ბერძნული პაოკ-ის ვარიანტებიც ჰქონდა, თუმცა უპირატესობა უკრაინულ კლუბს მიანიჭა.
„პოლისია ჟიტომირის’’ მფლობელი 66 წლის უკრაინელი ბიზნესმენი გენადი ბუტკევიჩია. 2018 წელს, როცა რუსეთმა უკრაინის 322 მოქალაქე დაასანქცირა, ერთ-ერთი ბუტკევიჩი იყო. 2021 წლის მონაცემებით 530 მილიონი აშშ დოლარის მფლობელი იყო და Forbes-ის მონაცემებით 100 უმდიდრეს უკრაინელს შორის მე-15 ადგილს იკავებდა. „პოლისია ჟიტომირს’’ დიდი გეგმები აქვს, ფინანსურად ძალიან ძლიერი კლუბია, უკრაინის უმაღლეს ლიგაში პირველივე სეზონში კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვა.
„პოლისია ჟიტომირის'' მთავარი მწვრთნელი 36 წლის სპეციალისტი იმად აშურია, პარალელურად უკრაინის 21-წლამდე ნაკრებში მუშაობს.
ამპლუით მარჯვენა მცველი გიორგი მაისურაძე თბილისის „დინამოს'' აკადემიის აღზრდილია, პირველ გუნდთან ერთად კრისტალბეთ ეროვნული ლიგა ორჯერ მოიგო. ასევე, ორჯერ გახდა საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი მიიღო. მის აქტივში 1 საგოლე პასია.