4 მედალი პირველივე დღეს - ძალოსნების წარმატება
საბერძნეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე პირველ საშეჯიბრო დღეს ქართველმა სპორტსმენებმა მხოლოდ ერთ, 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზეს და ოთხი მედალი მოიპოვეს. გამორჩეული იყო გიორგი ქინქლაძე, რომელმაც სამივე დისციპლინაში საუკეთესო შედეგი აჩვენა, ხოლო შოთა კაკაბაძე ერთ მედალს დასჯერდა.
ატაცში ქინქლაძემ 85 კილოგრამი დააფიქსირა, აკვრაში 103 კილოგრამი დაძლია და ორჭიდის ჯამში 188 კილოგრამით ცხრილში ლიდერობა არავის დაუთმო. რაც შეეხება კაკაბაძეს, მან ბრინჯაოს მედლის მოპოვება აკვრის დისციპლინაში 96-კილოგრამიანი შტანგის აწევით მოიპოვა.
ხვალ ჩვენი ქვეყნის სახელით, უკვე 17-წლამდე ასაკის სპორტსმენებს შორის, ევროპის პირველობაზე ერთი ძალოსანი ბექა კასრაძე გამოვა, რომელიც მედლის მოპოვებას 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში შეეცდება. მის გარდა კი ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც 23 ივნისს დასრულდება, კიდევ 17 ქართველი სპორტსმენი უნდა გამოვიდეს.