„ხვიჩას დარჩენა არ მინდა“ - ბადრი კვარაცხელია შვილის ტრანსფერზე
„ნაპოლის“ ერთ-ერთი ლიდერისა და იტალიის სერია A-ს 2022-2023 წლების გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის თაობაზე საკუთარი აზრი უამრავმა ადამიანმა გამოთქვა და ბუნებრივია მათ შორის ყველაზე საინტერესო და კომპეტენტური 23 წლის ქართველი ფეხბურთელის მამის, ბადრი კვარაცხელიას კომენტარია, რომელიც სტუმრად გადაცემაში „სპორტი იმედზე“ იმყოფებოდა.
რა თქვა ბადრი კვარაცხელიამ
„სიმართლე გითხრათ, ხვიჩასთან ამ თემაზე ჯერჯერობით არ მისაუბრია, მაგრამ ის პატარა აღარ არის და თვითონ გადაწყვეტს, რა და როგორ აჯობებს მისი კარიერისთვის. მე პირადად არ მინდა, რომ დარჩეს „ნაპოლიში“, რადგან გასულ წელს ოთხი მწვრთნელი შეიცვალა, ასეთ სიტუაციაში კი ყოველთვის რთულია თამაში. მეც და მისი აგენტი მამუკა ჯუღელიც ხვიჩას საუკეთესოს ვურჩევთ, საბოლოო გადაწყვეტილებას კი თავად მიიღებს.
ბადრი კვარაცხელიას საკლუბო დონეზე „სქურში“, „დინამო თბილისში“, თელავის „კახეთში“, რუსთავის „მეტალურგში“, „აკადემიაში“, თბილისის „მერანში“ და აზერბაიჯანის კლუბებში „ქიაფაზსა“ და „შამქირში“ უთამაშია. სამწვრთნელო კარიერის მანძილზე კი ის აზერბაიჯანის „სუმგაითსა“ და „თურანს“, ხოლო საქართველოში ლანჩხუთის „გურიას“, მარტვილის „მერანს“, „სამტრედიასა“ და „რუსთავს“ ამზადებდა.