ჯუღელი კვარაზე: ერთი წელი ლიგის გარეშე მეცოდება, თუმცა...
ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი და „ნაპოლის“ ქართველი ლეგიონერის მამა ბადრი კვარაცხელია გადაცემაში „სპორტი იმედზე“ იმყოფებოდნენ და უამრავ საინტერესო თემაზე ისაუბრეს. ბუნებრივია მიმდინარე ევროპის ჩემპიონატთან და საქართველოს ნაკრებთან ერთად, საინტერესო იყო ჯუღელის კომენტარი 23 წლის ქართველის მომავალთან დაკავშირებით, რაზეც მას ასეთი მოსაზრება აქვს.
რა თქვა ჯუღელმა
კონტე რომ დაინიშნა „ნაპოლიში“ და რა გეგმებიც აქვს, მაგის 60 პროცენტი რომ შეასრულოს, ეს კლუბი არათუ ოთხეულში მოხვდება, არამედ სკუდეტოს კიდევ ერთხელ მოიგებს. თუმცა, არ მინდა ხალხმა ისე გაიგოს, თითქოს კვარაცხელიას ნეაპოლში დარჩენა უნდა - ჩვენ გვინდა წასვლა, თუმცა არის ერთი რაღაც - ყველა ველოდებით ევროპის ჩემპიონატის დასრულებას და ამ თემაზე საუბრით ხვიჩასაც არ ვტვირთავთ. რა თქმა უნდა ჩვენთვის პრიორიტეტია ტრანსფერი ჩემპიონთა ლიგის გუნდში. „ნაპოლი“ რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მოხვედრილიყო, არც დავფიქრდებოდი, ისე ვურჩევდი კვარას დარჩენას. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ხვიჩა თუ წასვლას არ გადაწყვეტს, 23 წლის ასაკში რეალურად კარგავს ერთ წელიწადს, რადგან პარტენოპეი ვერც ერთ ევროტურნირზე ვერ მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ იტალიური სპორტული საინფორმაციო სააგენტოები სისტემატურად ავრცელებენ ინფორმაციებს იმის თაობაზე, რომ კონტინენტის პირველობის დასრულებისთანავე ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ დატოვებს. მისი დამატების ყველაზე რეალური კანდიდატი კი „პარი სენ ჟერმენია“, რომელიც 23 წლის ქართველს „რეალში“ წასული კილიან მბაპეს იდეალურ შემცვლელად მიიჩნევს და მზადაა ნეაპოლელებს 85 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადოს.