„საქართველოს მცირე უპირატესობა ექნება, მაგრამ“ | უესლი სნეიდერის პროგნოზი
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის პირველ ტურში თურქეთს დაუპირისპირდება და მატჩი 18 ივნისს, თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება. ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, უესლი სნეიდერი ვარაუდობს, რომ გუნდები ქულებს გაიყოფენ და შეხვედრა ფრედ დასრულდება.
„საქართველოს ევრო 2024-ზე გასვლა ცოტათი მოულოდნელი იყო, მაგრამ ქართველები კარგად გამოიყურებიან და ძლიერი გუნდი ჰყავთ. იციან, ბოლომდე როგორ იბრძოლონ და ენთუზიაზმით თამაშობენ, თუმცა, იგივე ეხება თურქეთს, რომელსაც ახალგაზრდა და ნიჭიერი გუნდი ჰყავს.
ევროპის ჩემპიონატი საერთოდ სხვა მოვლენაა და როგორც ადრე აღვნიშნე, პირველი მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანია. ბოლო შეხვედრებში, თურქეთს კარგი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია და ვვარაუდობ, რომ საქართველოს მცირე უპირატესობა ექნება, თუმცა, ქომაგების ფაქტორიც გასათვალისწინებელია. თურქეთს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და გერმანია წითელი იქნება, რაც ფეხბურთელებს დამატებით მოტივაციასა და ბიძგს მისცემს. ვფიქრობ, შეხვედრა ფრედ დასრულდება“.
ცნობისთვის, საქართველოსა და თურქეთის მატჩზე პროგნოზი რაიან ბაბელმაც გააკეთა და თურქეთის გამარჯვება ივარაუდა. მისი აზრით, ვილი სანიოლის გუნდი 1:2-ს წააგებს.
ფოტო: nakrebi.ge