ვინ განსჯის საქართველოსა და თურქეთის მატჩს | მთავარი არბიტრი არგენტინელია
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის პირველ შეხვედრას 18 ივნისს გამართავს და თურქეთს დაუპირისპირდება. რამდენიმე წუთის წინ, უეფა-მ დაასახელა სამსაჯო ბრიგადა, რომელიც „ჯვაროსნების“ სადებიუტო მატჩზე იმუშავებს.
თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირებას არგენტინელი რეფერი, ფაკუნდო ტელიო განსჯის. გვერდითა არბიტრები გაბრიელ ჩადე და ეზეკიელ ბრაილოვსკი იქნებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს ლიეტუველი დონატას რუმსასი შეითავსებს. VAR-ზე ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესი (ესპანეთი) იმუშავებს, მისი დამხმარეები კი ხუან მარტინეს მუნუერა (ესპანეთი) და დავიდ კუტი (ინგლისი) არიან.
ტელიო 42 წლის არბიტრია, რომელსაც კოპა ლიბერტადორესის 24 შეხვედრა განუსჯია და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, მთავარი არბიტრის რანგში, სამ მატჩს მოემსახურა. ტელიომ ჯგუფურ ეტაპზე შვეიცარია-კამერუნი და სამხრეთ კორეა-პორტუგალია იმსაჯა, მეოთხედფინალში კი მაროკოსა და პორტუგალიის ნაკრებების დაპირისპირებას გაუძღვა.
2023/24 წლების სეზონში, ის საუდის არაბეთში იყო მიწვეული და საუდი პრო ლიგის ორი შეხვედრა და მეფის თასის ერთი მატჩი განსაჯა. 2024 წლის 1-ელ მარტს, ტელიომ რეკოპა სუდამერიკანას ფინალზე იმუშავა, რომელშიც ერთმანეთს „ფლუმინენსე“ და „კიტო“ დაუპირისპირდნენ. 2022 წელს, არგენტინის თასის ფინალურ შეხვედრაში, რომელშიც „ბოკა ხუნიორსმა“ და „რასინგმა“ ითამაშეს, ტელიომ ფეხბურთელებს 10 წითელი ბარათი უჩვენა. არგენტინელი რეფერი ერთადერთი არაევროელია, ვინც ევრო 2024-ზე მუშაობს.