რატომ გააკრიტიკა ბრაზილიის ნაკრები | რონალდინიოს ახსნა-განმარტება
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რონალდინიომ განცხადება გაავრცელა და ბრაზილიის ნაკრების კრიტიკასთან დაკავშირებით, ახსნა-განმარტება გააკეთა. რონალდინიოს კომენტარმა, რომელშიც მან აღნიშნა, რომ „სელესაო“ ცუდად თამაშობს და საშუალო დონის მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, საფეხბურთო სამყარო მოიარა, მაგრამ როგორც გაირკვა, ყველაფერი სხვანაირად ყოფილა.
რონალდინიომ ახსნა, რომ მისი განცხადება დეოდორანტების მწარმოებელი კომპანიის სარეკლამო კამპანიის ნაწილი იყო. ბრაზილიელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ყველაფერზე დეტალურად ილაპარაკა.
„ბრაზილიურ ფეხბურთს არასდროს ვუღალატებდი. სერიოზულად არასდროს ვიტყოდი იმას, რაც თქვენ ნახეთ. ჩემი სიტყვები რეალური კომენტარებია, რომლებიც ბრაზილიელმა გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელებში დატოვეს და სწორედ ისინი წავიკითხე. ქომაგებო, წარმოგიდგენიათ რა შეგრძნებაა, როცა ფეხბურთელი ხარ და მსგავს განცხადებებს მატჩის წინ ისმენ? მოტივაცია გინადგურდება.
გულშემატკივრების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. ვიცი, რაზეც ვლაპარაკობ და ჩვენს ბიჭებს თქვენი თანადგომა სჭირდებათ. რაც უფრო დიდ რწმენას გამოიჩენთ, მით უფრო თავდაჯერებული იქნებიან ფეხბურთელები მოედანზე. აი, სწორედ ამიტომ შევუერთდი ამ სარეკლამო კამპანიას. მინდოდა, ნაკრებისთვის თანადგომა გამომეცხადებინა. გთხოვთ, კოპა ამერიკის მიმდინარეობისას, ბრაზილიის ეროვნულ გუნდს გაუგზავნოთ შეტყობინებები, რომლებშიც მის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავთ“.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე, ბრაზილიის ნაკრების მეტოქეები კოლუმბიის, პარაგვაისა და კოსტა რიკის ნაკრებები იქნებიან. „სელესაო“ კოპას კოსტა რიკასთან მატჩით დაიწყებს.