რატომ გამოეთიშა მარსელი მიქაუტაძისთვის ბრძოლას | მონაკო ფავორიტია
ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის, L’Equipe-ის ჟურნალისტმა, ლოიკ ტანზიმ გიორგი მიქაუტაძის მომავალზე ისაუბრა. მიქაუტაძეს რამდენიმე კლუბს უკავშირებენ და ცნობილი ჟურნალისტის მიხედვით, „მონაკო“ გამოკვეთილი ფავორიტია.
„მარსელი ვერ იყიდის თავდამსხმელებს, რომელთა ფასიც 25 მილიონი ევრო ან უფრო მეტია. მათი მიზანი ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელების პოვნაა. მარსელმა გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე მოსინჯა ნიადაგი, მაგრამ 22 მილიონი აღმოჩნდა თანხა, რომელსაც კლუბი ვერ გადაიხდიდა.
თუ სირილ ოლივ-ბერტემ (ჟურნალისტი, რომელმაც დაწერა, რომ მიქაუტაძე მონაკოს შეუთანხმდა) დაწერა, რომ მონაკო გარიგების დახურვასთან ახლოსაა, ე.ი მართლა ასეა. ქართველმა ფეხბურთელმა ეს ინფორმაცია ალბათ იმიტომ უარყო, რომ კონტრაქტისთვის ხელი ჯერ არ მოუწერია და საბოლოო დეტალებია შესათანხმებელი. მჯერა, მიქაუტაძე მონაკოში გადავა. გამოსასყიდი თანხა 20 მილიონს პლუს 2 მილიონის ოდენობის ბონუსები იქნება, რაც ცოტათი ბევრია, მაგრამ როცა ცდილობ, კონკურენცია ადრიანად დაძლიო, მსგავსი რამ ხდება ხოლმე“.
შეგახსენებთ, რომ „მეცმა“ გიორგი მიქაუტაძის კონტრაქტი 13 მილიონ ევროდ გამოისყიდა და მის სანაცვლოდ მინიმუმ 20 მილიონის მიღება სურს. „მონაკოსა“ და „მარსელის“ გარდა, ქართველი შემტევი „ლილს“, „ლიონს, „ლანსს“, „რენსა“ და „გალათასარაის“ დაუკავშირეს.