მინიმუმ ჯგუფიდან უნდა გავიდეთ - მამუჩაშვილი საქართველოს ნაკრების შანსებზე
რამდენიმე დღეში ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას გამართავს და ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მისი მეტოქე თურქეთი იქნება. ბუნებრივია საქართველოს ეროვნული გუნდის რეალური ძალის შესახებ ყველაზე კარგად იმ მოთამაშეებს მოეხსენება, რომლებიც ბოლო პერიოდში ამ გუნდის ნაწილი იყვნენ და შიდა სამზარეულოს კარგად იცნობენ. ერთ-ერთი მათგანია „დინამო ბათუმის“ წამყვანი ნახევარმცველი ვლადიმერ მამუჩაშვილი, რომელიც ვილი სანიოლმა 26-კაციან განაცხადში არ შეიყვანა და ამ ეტაპზე 26 წლის მოთამაშე საქართველოს ჩემპიონთან ერთად ქვეყნის სუპერ თასისთვის ემზადება. მამუჩაშვილს Crystalsport-ი მოახლოებულ EURO 2024-ზე ესაუბრა.
რა თქვა მამუჩაშვილმა
ეროვნულ ნაკრებში თითოეულ პოზიციაზე მაღალკვალიფიციური ფეხბურთელია თავმოყრილი და კონტინენტის პირველობას ოპტიმისტური განწყობით ვხვდები. პორტუგალია ჯგუფის ფავორიტად მოიაზრება, მაგრამ ეს ისეთი ტურნირია, სადაც თითოეული მატჩი რთული იქნება. თუმცა, ვიცი რა საქართველოს ნაკრების რეალური შესაძლებლობები, მგონია, რომ მინიმუმ ჯგუფიდან გავალთ, დანარჩენი კი შემდეგ გამოჩნდება.
ვლადიმერ მამუჩაშვილის დებიუტი საქართველოს ეროვნულ გუნდში 2021 წლის 5 სექტემბერს ესპანეთთან (0:4) სტუმრად გამართულ შეხვედრაში შედგა. მის ანგარიშზე ჯამში 10 სანაკრებო მატჩია, საიდანაც ორი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, რვა შემთხვევაში კი თამაშში ცვლილებაზე ჩაერთო, შედეგიანი მოქმედებით კი ჯერჯერობით თავი არ გამოუჩენია.