კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, სვენ გორან ერიქსონი, დარიო კონკა
Aa
Aa

მესამე მსოფლიოში რონალდუსა და მესის შემდეგ - დარიო კონკას საფეხბურთო ისტორია

გახსოვთ დარიო კონკა? არა? ოდესღაც ის ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ, მსოფლიოს რიგით მესამე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო. 2010 წლის ზაფხულში არგენტინელი ნახევარმცველი „ფლუმინენსეს“ 26-წლიანი პაუზის მერე, ბრაზილიის საფეხბურთო ჩემპიონატის ოქროს მედლების მესამედ მოგებაში დაეხმარა. გარდა გუნდური წარმატებისა, ის როგორც ამ გათამაშების, ასევე წინა წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, რითაც უამრავი უცხოური კლუბის ყურადღება მიიპყრო. საბოლოოდ კი გუნდი გამოიცვალა, რამაც მისი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გააუმჯობესა, ოღონდ არა ევროპულ ფეხბურთში, არამედ სხვა კონტინენტზე მოხვედრის ხარჯზე.

კონკას სანაცვლოდ „გუანჯოუ ევერგრანდმა“ ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ჩინეთის სუპერ ლიგა პოპულარული გახდებოდა, 2011 წელს 10 მილიონი დოლარი გადაიხადა და მასთან 2.5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც ყოველკვირეული ხელფასის სახით 170 ათასი ფუნტი დაენიშნა. იმ დროს მასზე მეტს პლანეტის მასშტაბით, მხოლოდ ორი სუპერვარსკვლავი, რონალდუ და მესი გამოიმუშავებდა. ლეო და კრიშტიანუ იმ პერიოდში მსოფლიოში საუკეთესოობისთვის იბრძოდნენ, კონკა კი ამხელა ფულს ისე გამოიმუშავებდა, რომ „ოქროს ბურთის“ ლაურეატებს შორის მოხვედრაზე პრეტენზია არც ჰქონდა.

ჩინეთის ჩემპიონატში სამ სეზონში ჩატარებულ 99 მატჩში 54 გოლი გაიტანა. ამ სამწლიანი პერიოდის მანძილზე იყო მისი 9-მატჩიანი დისკვალიფიკაციაც, რადგან კონკამ კლუბის შინაგანაწესი დაარღვია, ცვლილება ემოციურად გააპროტესტა და მოგვიანებით საკუთარ საქციელს ასეთი ახსნა მოუძებნა: „არ ვიცი რატომ მცვლიან გამუდმებით იმ მიზეზით, რომ დავიღალე და დასვენება მჭირდება. როგორ შეიძლება დაღლილ ფეხბურთელს გადამწყვეტი პენალტის გატანა შეეძლოს? რატომ ამბობს ყველა მწვრთნელი ამ სიტყვებს: „კონკა, დაისვენე?!“ კონკას გაუმართლა და 8-მატჩიანი დისკვალიფიკაციის ნახევარიც კი არ მოუხდია, რადგან მასთან ნაჩხუბარი ლი იანგ სო პოსტიდან დაითხოვეს, მის ნაცვლად დანიშნულმა მარჩელო ლიპიმ კი მოკვეთილი ფეხბურთელი გუნდში დააბრუნა.

არგენტინელი მოთამასე „ევერგრანდს“ ჩინეთის სუპერ ლიგის ზედიზედ სამჯერ და აზიის ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმარა. სამივე ტრიუმფალურ სეზონში ის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, 2013 წელს კი ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციამ სუპერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა. თუმცა, მიუხედავად ასეთი წარმატებებისა, კონკა სამშობლოში დაბრუნება მოინდომა და 30 წლის ასაკში ისევ „ფლუმინენსეს“ შეუერთდა, რის შედეგადაც მისი ყოველკვირეული ხელფასი 170 ათასი ფუნტიდან 8 ათასამდე შემცირდა.

სამშობლოში კონკა დიდხანს არ გაჩერებულა და ერთწლიანი პაუზის შემდეგ ჩინეთში დაბრუნდა - მან კონტრაქტი „შანხაი სიპგთან“ გააფორმა, რომლის მთავარი მწვრთნელიც სვენ-გორან ერიქსონი იყო.

რა თქვა ერიქსონმა კონკაზე

კონკას მესის ძალიან ვამსგავსებ - იგივე სიმაღლისაა, მემარცხენეა, ფანტასტიური დრიბლიორია და ბევრი გოლი გააქვს. როდესაც აქ გადმოვედი სამუშაოდ, კლუბის ხელმძღვანელებს პირველი რაც ვუთხარი ის იყო, რომ კონკა მოეყვანათ.

შანხაის კლუბში გამართულ 58 შეხვედრაში სამხრეთ ამერიკელმა 17 გოლი გაიტანა და ერთ-ერთ მატჩში მუხლის ჯვარედინი მყესების ტრავმა მიიღო, რის გამოც საბოლოო ჯამში კარიერის დასრულება მოუწია. თუმცა, სანამ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა, „ფლამენგოსა“ და „ოსტინ ბოლდში“ თამაშიც მოასწრო.

2019 წელს, 36 წლის ასაკში კონკამ ფეხბურთის თამაშს თავი დაანება საიმისოდ, რომ გოლფში ძალები პროფესიონალურ დონეზე მოესინჯა.

ბოლო კომენტარი ფეხბურთელის რანგში

ფეხბურთმა ბევრი რამ მომცა და მართლაც ფანტასტიური კარიერა მქონდა, უამრავი ინდივიდუალური ჯილდოც მოვიგე, მაგრამ დროა შევჩერდე. სპორტის ნომერ პირველი სახეობის ხარჯზე ავიხდინე ჩემი ოცნება და ავუხდინე ჩემი ოჯახის წევრებს ოცნებები. მაქსიმალურად შევეცადე როგორც ვარჯიშების, ასევე თამაშების დროს ძალები არ დამეზოგა. ამიერიდან კი ახალი გამოწვევები უნდა მივიღო და გოლფში მოვსინჯო ძალები, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი.

რით არის ახლა დაკავებული

კონკამ საფეხბურთო კარიერის მანძილზე 50 მილიონი ფუნტი სტერლინგი გამოიმუშავა, რაც იმის კვალობაზე, რომ არგენტინის ნაკრებში ერთი მატჩიც კი არ ჩაუტარებია, ძალიან დიდი თანხაა. ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურია „ინსტაგრამში“ და საკმაოდ ბევრი ფოლოვერებიც ჰყავს. 40 წლის ასაკში კონკა არაჩვეულებრივ ფიზიკურ ფორმას ინარჩუნებს და ბევრ მოქმედ ფეხბურთელზე უფრო მეტად სპორტული წესით ცხოვრობს, რაც მისი მეუღლის, პროფესიით დიეტოლოგის, ლუიზა კარე კონკას დამსახურებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფაქტები და სტატისტიკა - რატომ არ არის ლევანდოვსკი Big Game Player
ფაქტები და სტატისტიკა - რატომ არ არის ლევანდოვსკი Big Game Player