მანუელ ნოიერი, გერმანიის ფეხბურთელთა ნაკრები, შოტლანდიის საფეხბურთო ნაკრები, ფლორიან ვირცი, ნიკლას ფულკრუგი
Aa
Aa

ნოიერის რეკორდი, ვირცის გადაწერილი ისტორია და სხვა | ევროს 1-ლი დღის გამორჩეული ფაქტები

გერმანიაში რიგით მე-17 ევროპის ჩემპიონატი დაიწყო და გახსნით შეხვედრაში მასპინძელმა ნაკრებმა შოტლანდია 5:1 გაანადგურა. CrystalSport-ი გთავაზობთ პირველი სათამაშო დღის გამორჩეულად საინტერესო ფაქტებსა თუ სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც გუშინდელ მატჩსა და მის მონაწილე ფეხბურთელებს უკავშირდება.

გერმანიის ნაკრები ევროს ფინალური ეტაპების ისტორიაში პირველი ნაკრებია, რომლის რიგებშიც ერთ მატჩში 2-მა 21 წლის ფეხბურთელმა გაიტანა გოლი - ვირცი და მუსიალა.

გერმანიის ნაკრები ისტორიაში მე-7 გუნდია, რომელმაც ევროს ფინალური ეტაპის კონკრეტულ მატჩში მინიმუმ 5 გოლი გაიტანა - დანია, საფრანგეთი (2-ჯერ); ნიდერლანდები, ესპანეთი (2-ჯერ), შვედეთი და იუგოსლავია.

გერმანიის ნაკრებმა, ევროს ფინალური ეტაპის მატჩში, პირველ ტაიმში 3 გოლი ისტორიაში პირველად გაიტანა.

ფლორიან ვირცის მიერ 9:54 წუთზე გატანილი გოლი, ევროს ფინალური ეტაპების გახსნითი მატჩის მე-2 ყველაზე სწრაფი გოლია - გეორგიოს კარაგუნისი ევრო 2004-ზე 5:57 წთ.

21 წლისა და 42 დღის ასაკში, ფლორიან ვირცი, ევროს ფინალური ეტაპების ისტორიაში, გერმანიის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა მეგოლეა.

ევრო 2000-ის შემდეგ, გერმანიის ნაკრები დიდი ტურნირის (მსოფლიო/ევრო) მატჩში სათამაშოდ ყველაზე ასაკოვანი თერთმეტეულით გამოვიდა - საშუალოდ 29 წელი და 22 დღე.

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე, მანუელ ნოიერმა ჯამურად 35-ე მატჩი ჩაატარა, რითაც ფილიპ ლამის შედეგი გააუმჯობესა და გერმანიის ნაკრების ყველა დროის რეკორდსმენია. ზოგადად, მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ პაოლო მალდინისა (36) და კრიშტიანუ რონალდუს (43) აქვთ.

ენდრიუ რობერტსონმა შოტლანდიის ნაკრებს 50-ე მატჩში უკაპიტნა, სკოტ მაკტომინეიმ და რაიან კრისტიმ კი ეროვნულ გუნდში 50-ე შეხვედრა ჩაატარეს.

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე, ნიკლას ფულკრუგმა შეცვლაზე გამოსვლის შემდეგ მე-3 გოლი შეაგდო, რაც რეკორდის გამეორებაა - ასეთივე შედეგი პორტუგალიელ მანუელ რუი კოშტას, უნგრელ ლაშლო კისსა და მისსავე თანამემამულე ანდრე შიურლეს აქვთ.

გერმანიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში მერვედ გაიმარჯვა, რაც ტურნირის ყველა დროის რეკორდია - ყველაზე ახლოს საფრანგეთია, 6 მოგებით.

შოტლანდიის ნაკრებმა ოფიციალურ მატჩში 5 გოლი 2003 წლის შემდეგ პირველად გაუშვა - მაშინ, ევრო 2004-ის საკვალიფიკაციოზე, ნიდერლანდებთან 0:6 დამარცხდნენ.

უეფა-ს საიტის მიხედვით, გერმანიის ნაკრებმა (110 კმ.) შოტლანდიის ნაკრებზე (101.3) 8.7 კმ.-ით მეტი ირბინა.

შოტლანდიის ნაკრების ფეხბურთელებს, პოზიციური შეტევის დროს, გერმანელთა საჯარიმოში არც ერთხელ ჩაუწოდებიათ - 0. გერმანელებმა ეს 22-ჯერ გააკეთეს და ზუსტად თანაგუნდელამდე 7 ჩაწოდება მივიდა.

გერმანიის ნაკრების მე-5 გოლი, რომელიც ემრე ჯანმა შეაგდო, 20 პასის შემდეგ გავიდა, რაც თავად გერმანიისთვის სარეკორდოა, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში კი მე-5 შედეგი - ეს სტატისტიკა ევრო 1980-დან აითვლება.

გერმანია-შოტლანდია, ევროპის ჩემპიონატის 64-წლიან ისტორიაში, პირველი მატჩია, რომელშიც წითელი ბარათი აჩვენეს, პენალტი გავიდა და ავტოგოლი დაფიქსირდა.

ტონი კროოსს პასების 99%-იანი სიზუსტე ჰქონდა - 102-დან 101. ევრო 1980-იდან მოყოლებული, ყველაზე მაღალი პროცენტია იმ ფეხბურთელთაგან, ვისაც თამაშში 100 ან მეტი პასი შეუსრულებია.

ფლორიან ვირცი მე-3 გერმანელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის კონკრეტული ტურნირის პირველი გოლი გაიტანა - გერდ მიულერი (ევრო 1972) და კარლ-ჰაინც რუმენიგე (ევრო 1980).

კალუმ მაკგრეგორი, უესლი სნეიდერის შემდეგ, მეორე ფეხბურთელია, რომელმაც დაბადების დღეზე ევროპის ჩემპიონატის ორ სხვადასხვა ფინალურ ტურნირზე შეხვედრა ჩაატარა. სნეიდერი - (ევრო 2008 და ევრო 2012); მაკგრეგორი - (ევრო 2020 და ევრო 2024).

გერმანელები მეორე ტურში უნგრეთს შეხვდებიან, შოტლანდიას კი, რომელიც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის ჯგუფიდან 11 შესაძლებლობიდან არასდროს გასულა, შვეიცარიასთან მატჩი ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები