შოთა არველაძე, კრიშტიანუ რონალდუ, გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, არჩილ არველაძე
Aa
Aa

ფეხბურთი საქართველოში რელიგიის დონეზეა - არჩილ არველაძე O JOGO-ს ესაუბრა

გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრები მათი ქვეყნის უპირველესი გუნდის ერთ-ერთი მეტოქეა, პორტუგალიური სპორტული გამოცემები ქართული ფეხბურთის მიმართ უდიდეს ყურადღებას იჩენენ. ამის ერთ-ერთი დასტურია ავტორიტეტულ ვებ-გვერდ O JOGO-ზე გამოქვეყნებული არჩილ არველაძის ვრცელი ინტერვიუ, სადაც ის საქართველოს ეროვნული ნაკრების დღევანდელი მდგომარეობის გარდა, წარსულსა და იმ სირთულეებზეც საუბრობს, რაც მან და მისმა თაობამ გამოიარა.

ინტერვიუს დასაწყისში პორტუგალიელი ჟურნალისტი პედრო კადიმა საუბრობს იმაზე, რომ არჩილი, მისი ძმის, შოთას მსგავსად, უმაღლესი დონის ფეხბურთელი იყო და თურქეთის „ტრაბზონსპორში“, ნიდერლანდების „ბრედასა“ და გერმანიის „კიოლნში“ ასპარეზობდა და რომ არა ტრავმები, კარიერის ნაადრევად დასრულებაც არ მოუწევდა.

რას ამბობს არჩილ არველაძე

ფეხბურთი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან ჩვენი ქვეყნისთვის იყო ერთგვარი ნუგეშის, ბედნიერებისა და ერთიანობის წყარო. სპორტის სახეობა, რომელიც ხალხს რელიგიის დონემდე ჰყავს აყვანილი. ვიცი, რომ ახლა ყველა ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს და ეს ბიჭი ყველაფერს იმსახურებს, რადგან როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე მისმა გაბრწყინებამ საქართველო მსოფლიოს საფეხბურთო რუკაზე დააბრუნა. არ დაგავიწყდეთ ასევე გიორგი მამარდაშვილი - თუ ხვიჩა იტალიის სერია A-ს საუკეთესო მოთამაშე გახდა, გიორგიმ ესპანეთის ლა ლიგაში დაიმკვირდა ადგილი და მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული მეკარეა.

ევროპის ჩემპიონატი ჩვენნაირი პატარა ქვეყნებისთვის საუკეთესო საშუალება დაუმტკიცო მთელ კონტინეტს და მსოფლიოს რომ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ნიჭიერი მოთამაშეები იზრდებიან. ჩვენთვის საფეხბურთო ზეიმი 26 მარტს დაიწყო, დღემდე გრძელდება და ევროპის ჩემპიონატის ბოლომდე გასტანს. უკვე ის ფაქტი, რომ კონტინენტის პირველობაზე პორტუგალიასთან, კრიშტიანუ რონალდუსთან და მის უმაღლესი დონის თანაგუნდელებთან შეხვედრის საშუალება გეძლევა, ნიშნავს იმას, რომ შენ თავადაც უმაღლესი დონის საფეხბურთო ქვეყანა ხარ.

პირადად მე მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ნაწილი გავხდი. სამწუხაროდ, ჩემმა თაობამ სანაკრებო დონეზე წარმატებას ვერ მიაღწია, თუმცა ის მაინც შევძელით, რომ საკლუბო დონეზე ევროპაში ხალხს თავი გავაცანით. მე, ჩემმა ძმებმა რევაზმა და შოთამ, კალაძემ, ცხადაძემ, ქეცბაიამ, კობიაშვილმა, ქინქლაძემ, ხიზანიშვილმა, იაშვილმა და სხვებმა იმდენი შევძელით, რომ საქართველო საბჭოთა კავშირთან ასოცირებული აღარ ყოფილიყო. ჩვენი ფორმაციის ნაკრებმა ძალიან ბევრი დასამახსოვებელი მატჩი მოიგო, მაგრამ ამ წარმატებას ვერც ერთი ვერ შეედრება.

90-იანი წლები, როდესაც ჩვენ ფეხბურთის თამაში გვიწევდა, არამხოლოდ ამ სფეროში, არამედ მთლიანად ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო. სამოქალაქო ომი, ძარცვა, მკვლელობა - ბევრი სირთულის წინაშე ვიდექით. ეს იყო ბრძოლა გადარჩენისთვის და როდესაც საქართველო ასეთ კრიზისში გახლდათ, ფეხბურთი ხალხს აერთიანებდა. დავკარგეთ ტერიტორიები და ამან ბუნებრივია სპორტზეც უარყოფითი გავლენა მოახდინა, თუმცა ამის მიუხედავად ფეხბურთელებმა იმ ყველაფრის ფონზე, კიდევაც ბევრს მივაღწიეთ.

ჩვენ ზურგს გვიმაგრებდა თბილისის „დინამოს“ ოქროს თაობა, რომელთაც წარმატებას არამხოლოდ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც მიაღწიეს და 1981 წელს, თასების მფლობელთა თასი მოიგეს. იმ „დინამოში“ ბრწყინავდნენ დავით ყიფიანი, ვლადიმერ გუცაევი, რამაზ შენგელია, ვიტალი დარასელია და სხვა ვარსკვლავები“.

1994-2002 წლებში არჩილ არველაძემ საქართველოს ეროვნულ გუნდში გამართულ 32 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. მისი ძმა შოთა არველაძე კი, 61 მატჩში გატანილი 26 ბურთით ეროვნული გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია და მეორე პოზიციაზე მყოფ თემურ ქეცბაიას - 9, მესამეადგილოსან ხვიჩა კვარაცხელიას კი 11 გოლით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველოს საიდუმლო: ბარსაში დამზადებული აკადემია და ბიჭები ქუჩიდან“
„საქართველოს საიდუმლო: ბარსაში დამზადებული აკადემია და ბიჭები ქუჩიდან“