იულიან ნაგელსმანი, ენდრიუ რობერტსონი, სტივ კლარკი
Aa
Aa

ეს გრძელი გზის კარგი დასაწყისია - ნაგელსმანი სტარტით კმაყოფილია

ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში გერმანიის ეროვნულმა გუნდმა შოტლანდიელები 5:1 დაამარცხა და კონტინენტის პირველობაზე, ისტორიის მანძილზე, ბუნდესნაკრებმა 28-ე მატჩი მოიგო, რითაც ყველა დროის ერთპიროვნული რეკორდსმენია. გერმანელები ამასთან ერთად კიდევ ერთი რეკორდის ავტორები გახდნენ და გახსნითი თამაში ყველაზე დიდი სხვაობით მოიგეს - აქამდე ამ მხრივ რეკორდი იტალიას ეკუთვნოდა, რომელმაც 2021 წლის ტურნირის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში თურქებს 3:0 მოუგო და საბოლოოდ ოქროს მედლებიც მოიპოვა.

მატჩის შემდგომ გამართულ პრეს კონფერენციაზე გერმანიის ნაკრების მხრიდან მათი ახალგაზრდა მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი გამოცხადდა. მისი დარბაზიდან გასვლის შემდეგ კი, მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს შოტლანდიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კლარკმა და კაპიტანმა ენდრიუ რობერტსონმა უპასუხეს.

იულიან ნაგელსმანი

ძალიან კარგ შედეგს მივაღწიეთ და იმედი მაქვს, რომ ეს გრძელი გზის მხოლოდ დასაწყისია. განსაკუთრებით მომეწონა საწყისი 20 წუთი, როდესაც მეტოქეს საოცარი კონტრპრესინგი დავუპირისპირეთ. ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ საჭირო გოლები დასაწყიშივე გავიტანეთ, რამაც თამაში კიდევ უფრო მეტად გახსნა.

სტივ კლარკი

ეს იყო ძალიან რთული საღამო და ძალიან რთული მატჩი, რადგან იმის ნახევარიც კი ვერ ვაჩვენეთ, რაც რეალურად შეგვიძლია. ყოველივე ამის გათვალისწინებით, დღეს მიღებული დანაკლისი შემდეგ ორ შეხვედრაში უნდა ავინაზღაუროთ და 4 ქულა დავაგროვოთ. გერმანიაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ - ისინი უბრალოდ ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ.

ენდრიუ რობერტსონი

დღეს ყველაზე კარგად ვიგრძენით, თუ რამდენად რთული ტურნირია ევროპის ჩემპიონატი. დავუშვით ძალიან ბევრი შეცდომა და მსოფლიო კლასის მეტოქეს პრაქტიკულად ყველაფრის გაკეთების საშუალება მივეცით. წინ შვეიცარიელებთან და უნგრელებთან მატჩები გველის, რომლებიც არანაკლებ რთული იქნება.

ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში გერმანელები უნგრელებს დაუპირისპირდებიან, შოტლანდიის ნაკრები კი შვეიცარიის ეროვნული გუნდთან ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროპის ჩემპიონატი 6-გოლიანი მატჩით დაიწყო | გერმანიამ შოტლანდია 5:1 გაანადგურა
ევროპის ჩემპიონატი 6-გოლიანი მატჩით დაიწყო | გერმანიამ შოტლანდია 5:1 გაანადგურა