„პორტუგალია ფავორიტია, დანარჩენებს ერთნაირი შანსი აქვთ“ | ოთარ კაკაბაძე F ჯგუფზე
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ოთარ კაკაბაძემ თურქულ გამოცემას, Milliyet-ს ინტერვიუ მისცა და პირველ მეტოქეზე ისაუბრა. 28 წლის მარჯვენა მცველმა F ჯგუფის ფავორიტად პორტუგალია დაასახელა და განაცხადა, რომ ჩეხეთს, თურქეთსა და საქართველოს პლეიოფში გასვლის ერთნაირი შანსები აქვთ.
„თურქეთი კარგი გუნდია და კარგი ფეხბურთელები ჰყავს. თურქეთთან დაპირისპირება ევრო 2024-ზე ჩვენი პირველი მატჩია და თამაშისთვის მაქსიმალური ყურადღებით ვემზადებით. ჩემი აზრით, F ჯგუფის ფავორიტი პორტუგალიაა, დანარჩენ სამ ნაკრებს კი პლეიოფში გასვლის თანაბარი შანსი აქვს. სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იქნება და ეს თურქეთთან შეხვედრას უფრო საინტერესოს ხდის“.
შეგახსენებთ, რომ Opta-ს სუპერკომპიუტერის მიხედვით, „ჯვაროსნებმა“ მერვედფინალის საგზური 10 000 სიმულაციიდან 37.2 პროცენტში მოიპოვეს. ვილი სანიოლის ბიჭებმა F ჯგუფში პირველი ადგილი სიმულაციების 6.1 პროცენტში დაიკავეს, მეორე ადგილი - 14.7 პროცენტში, მესამე ადგილი - 28.5 პროცენტში, მეოთხე ადგილი - 50.8 პროცენტში.
გეტყვით იმასაც, რომ თურქეთის შემდეგ, ჩვენი გუნდის მეტოქე ჩეხეთის ნაკრებია, ბოლო ტურში კი პორტუგალიას დავუპირისპირდებით.