ევროპის ჩემპიონატი 6-გოლიანი მატჩით დაიწყო | გერმანიამ შოტლანდია 5:1 გაანადგურა
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი „ალიანც არენაზე“ გაიხსნა, სადაც ტურნირის მასპინძელი გერმანია შოტლანდიას დაუპირისპირდა. იულიან ნაგელსმანის ბიჭებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს, ფენომენალურად გამოიყურებოდნენ და 5:1 მოიგეს.
მატჩი გერმანიის ეროვნული გუნდის უდიდესი უპირატესობით დაიწყო და შეხვედრაში ანგარიში მალევე გაიხსნა. მე-10 წუთზე, ფლორიან ვირცმა იოზუა კიმიხის გადაცემით ისარგებლა და გერმანია დააწინაურა. მე-19 წუთზე, ჯამალ მუსიალას ჯერი დადგა. მუსიალამ კაი ჰავერცის გადაცემა გამოიყენა და „სკოტების“ კარი აიღო - 2:0.
პირველი ტაიმის მიწურულს, შოტლანდია უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. რაიან პორტეუსმა საკუთარ საჯარიმოში, ილქაი გიუნდოგანის წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა. მომენტის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, მთავარმა არბიტრმა, კლემან ტიურპენმა პორტეუსი მოედნიდან გააძევა და პენალტი დანიშნა, რომელიც კაი ჰავერცმა გამოიყენა და გერმანიამ პირველი ტაიმი 3:0 მოიგო.
მეორე ნახევარში, „ბუნდესმანშაფტი“ კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა და ბევრი მომენტი ჰქონდა. 63-ე წუთზე, მოედანზე ნიკლას ფულკრუგი გამოჩნდა და 5 წუთში გოლი გაიტანა. 76-ე წუთზე, ფულკრუგმა კიდევ ერთი ბურთი შეაგდო, რომელიც თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. შეხვედრის 87-ე წუთზე, ანტონიო რუდიგერმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი ემრე ჯანმა, 93-ე წუთზე დააფიქსირა - 5:1.
საინტერესო ფაქტები
მანუელ ნოიერი დიდ სანაკრებო ტურნირზე ძირითად შემადგენლობაში 35-ედ გამოჩნდა, რაც გერმანიის ყველა დროის რეკორდია. ნოიერზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს (43) და პაოლო მალდინის (36) აქვთ.
ფლორიან ვირცი მესამე გერმანელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატების პირველი გოლი გაიტანა. მის გარდა, იგივე გერდ მიულერს (1972 წელი) და კარლ-ჰაინც რუმენიგეს (1980) გაუკეთებიათ.
გერმანიამ ევროპის ჩემპიონატის ეგიდით გამართული მატჩის პირველ ტაიმში, სამი გოლი პირველად გაიტანა.
შოტლანდიამ პირველ ნახევარში იმდენი წითელი ბარათი მიიღო, რამდენი შეხებაც ჰქონდა საწყის 45 წუთში მეტოქის საჯარიმოში.
ნიკლას ფულკრუგმა დიდ ტურნირებზე სამივე გოლი ცვლილებიდან გაიტანა და ეს ევროპელ ფეხბურთელთა შორის, ლაშლო კისთან, რუი კოშტასთან და ანდრე შურლესთან ერთად საუკეთესო შედეგია.
შოტლანდიამ 5 გოლი ოფიციალურ შეხვედრაში 2003 წლის შემდეგ პირველად გაუშვა.
გერმანიამ ევროპის ჩემპიონატის გახსნითი მატჩი მერვედ მოიგო. მსგავსი რამ 6-ზე მეტჯერ არავის გაუკეთებია. საფრანგეთი ერთადერთია, რომელმაც გახსნითი თამაში 6-ჯერ მოიგო.