ედინ ტერზიჩი, ნური შაჰინი
Aa
Aa

ტერზიჩი შაჰინმა შეცვალა

„დორტმუნდის“ ხელმძღვანელებმა რამდენიმე დღის წინ გადამდგარი მთავარი მწვრთნელის ედინ ტერზიჩის შემცვლელი უკვე იპოვეს და კლუბი ნური შაჰინს ჩააბარეს, რომელიც მის ასისტენტად თვეების განმავლობაში მუშაობდა. 35 წლის თურქ სპეციალისტთან ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე გაფორმდა და ის მუშაობას 1 ივლისიდან შეუდგება.

შაჰინის სამწვრთნელო კარიერაში პირველი კლუბი „ანტალიასპორი“ იყო, რომელმაც 2021 წლის 5 ოქტომბრიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე მისი ხელმძღვანელობით გამართული 94 მატჩიდან 44 მოიგო, 19 ფრედ დაასრულა და 31 წააგო. ის ფეხბურთელობის პერიოდში ხშირად აღნიშნავდა, რომ ბუცების ლურსმანზე დაკიდების შემდეგ, სამწვრთნელო ლიცენზიის აღებას აპირებდა, ახლა კი ოცნება აუხდა და იმ გუნდს ჩაუდგა სათავეში, სადაც მოთამაშის ამპლუაში საუკეთესო წლები აქვს გატარებული.

ნური შაჰინი „ფეიენოორდთან ერთად ნიდერლანდების თასის მფლობელი გახდა, „ბორუსიას“ შემადგენლობაში კი ბუნდესლიგის „ვერცხლის სინი“, გერმანიის თასი და სუპერ თასი მოიგო. ახლოს იყო ჩემპიონთა ლიგის მოგებასთანაც, თუმცა ის და მისი თანაგუნდელები 2013 წელს „უემბლიზე“ გამართულ ფინალში მიუნხენის „ბაიერნთან“ დამარცხდნენ და ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდნენ. 2005-2017 წლებში თურქეთის ეროვნულ გუნდში გამართულ 52 შეხვედრაში მის ანგარიშზე 2 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოულოდნელი გადაწყვეტილება - ტერზიჩმა დორტმუნდი დატოვა
მოულოდნელი გადაწყვეტილება - ტერზიჩმა დორტმუნდი დატოვა