ზურიკო ლიგა 1-ში? | სენტ-ეტიენი მის ტრანსფერზე სერიოზულად ფიქრობს
ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს“ ფინანსური პრობლემები აქვს და მაღალია ალბათობა, რომ ახალი სეზონის დაწყებამდე, რამდენიმე ფეხბურთელს შეელიოს. ფრანგულ პრესაში იწერება, რომ ერთ-ერთი მათგანი ქართველი შემტევი იქნება და მას მსურველებიც ჰყავს.
ზურიკოს გადაბირებაზე ლიგა 1-ში ახლად დაწინაურებული, „სენტ-ეტიენი“ ფიქრობს, რომელმაც პლეიაუტში გიორგი მიქაუტაძის „მეცს“ აჯობა. კლუბთან დაახლოებული ჟურნალისტები წერენ, რომ „მწვანეებს“ შემადგენლობის გაძლიერება სურთ და დავითაშვილს იდეალურ კანდიდატად მოიაზრებენ.
საფეხბურთო პორტალი, 90Football-ი იუწყება, რომ „სენტ-ეტიენის“ ხელმძღვანელები ზურიკოს ტრანსფერზე სერიოზულად ფიქრობენ. „ბორდოს“ იმედი აქვს, რომ ქართველი შემტევის სანაცვლოდ 10 მილიონს მიიღებს, Transfermarkt-ზე კი მისი ფასი 3 მილიონი ევროა.
ცნობისთვის, ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე ლიგა 2-ში 8 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემაა. ზურიკოს ერთი ასისტი საფრანგეთის თასზე აქვს და ევროპის ჩემპიონატს ბრწყინვალე ფორმაში ხვდება.