შანსები ყველასთან გვექნება - კოხრეიძე ევროპის ჩემპიონატზე
ისევე როგორც ფეხბურთის თითოეული ქართველი გულშემატკივარი, ევროპის რიგით მეჩვიდმეტე ჩემპიონატს Crystalbet ეროვნული ლიგის პირველი წრის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გიორგი კოხრეიძეც მოუთმენლად ელოდება. Crystalsport-თან „იბერიას“ მეათე ნომერმა კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრების შანსებზე საინტერესოდ ისაუბრა.
რა თქვა კოხრეიძემ
შანსები აბსოლუტურად ყველა მეტოქესთან გვექნება. პორტუგალიის ნაკრები ძველებურად მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუზე არ არის დამოკიდებული და მის გარდა გამოჩნდნენ სხვა ფეხბურთელებიც. ასე რომ, როგორც ჩვენი ჯგუფის მთავარი ფავორიტი, ასევე ჩეხეთი და თურქეთიც წარმატებას გუნდური თამაშის ხარჯზე აღწევენ და მათ ჩვენც თუ იგივეს დავუპირისპირებთ, ძალიან გაუჭირდებათ. მონტენეგროსთან მატჩს ვუყურე და მართალია მოვიგეთ, მაგრამ ჩემი აზრით, ცოტა შეუთამაშებლობა გვეტყობოდა და კომპაქტურობა გვაკლდა. თუმცა, ეს ალბათ უფრო იმის ბრალია, რომ ამხანაგური მატჩი გახლდათ და ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირის წინ უამრავი ნიუანსია გასათვალისწინებელი.
კოხრეიძის ანგარიშზე მიმდინარე Crystalbet ეროვნულ ლიგაში თვრამეტი ტურის შემდეგ შვიდი გოლია. Crystalsport-ის ვერსიით კი, „იბერიას“ 25 წლის შემტევი ჩემპიონატის აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.