ვინ მოახდენს გარღვევას ევრო 2024-ზე | მიქაუტაძე Independent-ის რჩეულებში
Independent-ის ჟურნალისტებმა, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ილაპარაკეს. ცნობილი ბრიტანული გამოცემის ჟურნალისტებმა დაასახელეს ფეხბურთელები, რომლებიც მათი აზრით, ტურნირზე გარღვევას მოახდენენ და კარლ მატჩეტის რჩეული გიორგი მიქაუტაძე გახდა.
ვინ გახდება ტურნირზე გარღვევის მომხდენი ვარსკვლავი
კარლ მატჩეტი (სპორტული რედაქტორის ასისტენტი): „სერბეთის ნაკრების ფეხბურთელს, სტრაჰინია პავლოვიჩს თვალი უნდა ვადევნოთ. ნიდერლანდელი იან მაატსენი შესაძლოა, გუნდისთვის მნიშვნელოვან მოთამაშედ იქცეს და შესძინოს ის, რაც მათ აკლდათ, მაგრამ ჩემს არჩევანს გიორგი მიქაუტაძეზე შევაჩერებ.
მიქაუტაძე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება საქართველოსთვის, რათა ჯვაროსნებმა ისტორიის წერა და რეკორდების დამხობა განაგრძონ. გიორგი ძალიან ნიჭიერი ფორვარდია, გოლის გატანის ალღო აქვს და საკლუბო სეზონის მეორე ნახევარი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. მაშინ, როცა მთელი ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიასკენ იქნება მიპყრობილი, მან შეიძლება, სცენა მიისაკუთროს“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე თურქეთი გახლავთ. მატჩი „სიგნალ იდუნა პარკზე“ გაიმართება და თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება. მეორე ტურში ჩვენი მეტოქე ჩეხეთია, მესამე - პორტუგალია.