გიორგი მამარდაშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, გაბრიელ სიგუა
Aa
Aa

EURO 2023-დან EURO 2024-ზე - 44-დან 6 ქართველია

ევროპის ჩემპიონატს ერთი წლით ადრე წინ ყოველთვის 21-წლამდელთა კონტინენტის პირველობა უძღვის. ბუნებრივია, მაღალი სპორტული მიღწევების პარალელურად, ახალგაზრდული ნაკრების მთავარი ამოცანა ეროვნულისთვის კვალიფიციური კადრების მომზადება და შემდეგ მათი იქ უმტკივნეულოდ ინტეგრირებაა. ევროპის ჩემპიონატისგან განსხვავებით, უმცროსების შეჯიბრებაში ფორმატი არ შეცვლილა და ფინალურ ეტაპზე 16 ქვეყნის ნაკრები ასპარეზობს, შარშან კი როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდულ EURO 2023-ს საქართველომ და რუმინეთმა უმასპინძლეს. მიუხედავად იმისა, რომ რამაზ სვანაძის მომზადებული გუნდი კონტინენტის პირველობაზე მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ ერთ-ერთი მასპინძელი იყო, უმაღლეს დონეზე გამოსვლით ქართველმა ფეხბურთელებმა დაამტკიცეს, რომ ტურნირის შემთხვევითი მონაწილეები არ იყვნენ. საქართველოს 21-წლამდე ნაკრები მეოთხედფინალამდე მივიდა, სადაც ისრაელთან 11-მეტრიანების სერიაში დამარცხდა და ტურნირს ისე გამოეთიშა, რომ ერთი თამაშიც არ წაუგია. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ იმ გუნდიდან ექვსი ფეხბურთელი ახლა უკვე ეროვნული გუნდის წევრია და ჩვენი ქვეყნისთვის სადებიუტო კონტინენტის პირველობისთვის ემზადება. ამ მხრივ საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ჩეხები უსწრებენ, რომელთა განაცხადშიც შვიდი ისეთი მოთამაშე მოხვდა, რომლებმაც შარშანდელ ახალგაზრდულ ევროზე ითამაშეს.

საერთო ჯამში, შარშანდელი 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 16 მონაწილიდან უფროსებს შორის წელს გასამართ EURO 2024-ზე წარმომადგენელი მხოლოდ ისრაელსა და ნორვეგიას არ ჰყავთ, რომლის ეროვნულმა გუნდებმაც ფინალური ეტაპის საგზური ვერ მოიპოვეს. დანარჩენი თოთხმეტი ქვეყნის ნაკრებში კი, 2023 წლის კონტინენტის პირველობიდან ბევრი ნაცნობი სახეა, ყველაზე მეტი წარმომადგენელი კი როგორც უკვე გითხარით, ჩეხეთსა და საქართველოს ნაკრებს ჰყავს. ერთადერთი ქვეყანა კი, რომლის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ახალგაზრდული ნაკრებიდან არავინ იახლა, ტურნირის მასპინძელი გერმანია და მისი ახალგაზრდა მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანია.

ჩეხეთი - 7

მიუხედავად იმისა, რომ 2023-ში ჩეხეთის ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფიდან ვერ გავიდა, ეროვნულის მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა იმ გუნდიდან შვიდი ფეხბურთელი იახლა. ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეების, მათ შორის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ შესაძლოა ჩვენ ქვეყანაში შარშან ნამყოფმა შვიდმა ფეხბურთელმა, მეკარე - ვიატეშლავ იაროშმა, მცველებმა - რობინ ჰრანაცმა, მარტინ ვიტიკმა და ტომაშ ვლცეკმა და ნახევარმცველებმა - ლუკაშ ცერვიმ, მატეი იურაშეკმა და პაველ სულცმა ითამაშონ.

საქართველო - 6

გიორგი მამარდაშვილი, ზურიკო დავითაშვილი და გიორგი გოჩოლეიშვილი შარშანაც იყვნენ ეროვნული გუნდის წევრები და სამივე მათგანმა სამაგალითო საქციელი გამოიჩინა და ყოველგვარი შესვენების გარეშე, შოტლანდიელებთან მატჩის დასრულების შემდეგ, მაშინვე ახალგაზრდულ ნაკრებს შეუერთდა. რაც შეეხება 21-წლამდე ნაკრების კაპიტან ანზორ მექვაბიშვილს, გიორგი წიტაიშვილსა და გაბრიელ სიგუას, ისინი თავიდანვე რამაზ სვანაძის განკარგულებაში იყვნენ.

ბელგია - 5

ახალგაზრდულ კონტინენტის პირველობაზე მთავარ იმედებს „ლანსისა“ და „მილანის“ ფეხბურთელებზე, ლოის ოპენდასა და შარლ დე კეტელაარზე ამყარებდნენ. თუმცა, ვერც ერთმა მათგანმა თავი ვერ გამოიჩინა და გუნდი ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა. ოპენდა ახლა კიდევ უფრო მაღალი კლასის ფორვარდია - მან გერმანიის ბუნდესლიგაში გასულ სეზონში 24 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ჰარი კეინს (36) და სერუ გირასის (28) ჩამორჩა. მომატებული აქვს შარლ დე კეტელაარსაც (10 გოლი, 8 საგოლე პასი), რომელიც „ატალანტაში“ ძალიან კარგად ათამაშდა. მათ გარდა “შარშანდელი კადრებიდან“ ითამაშებენ ზენო დებასტი, მაქსიმ დე კუიპერი და ასტერ ვრანკქსი ითამაშებენ.

ნიდერლანდები -5

ბელგიელების მსგავსად, შარშანდელ ევროზე ნიდერლანდების ახალგაზრდული ნაკრებიც ქართველების ჯგუფში იყო და ისინიც პლეი ოფის საგზურის გარეშე დარჩნენ. მაშინდელი გუნდიდან რონალდ კუმანს რჩეულთა შორის თავიდანვე მოხვედრილები იყვნენ ბარტ ვერბრუგენი, რაიან გრავენბეხი და ბრაიონ ბრობი. იან მაატსენი და ჯოშუა ზირკზე კი განაცხადს ტენ კოპმეინერსისა და ფრენკი დე იონგის დაშავების შემდეგ შეიყვანეს.

შვეიცარია - 4

შვეიცარიის ახალგაზრდულ ნაკრებში „ბაზელის“ ფეხბურთელები, ზეკი ამდუნი და დან ნდოიე იყვნენ გამორჩეულები, რომლებიც „ბარნლიმ“ და „ბოლონიამ“ დაიმატა, მურატ იაკინმა კი ისინი ეროვნულ ნაკრებში დააწინაურა და ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანა. ამდუნის და ნდოიეს გარდა, შვეიცარიელებს გერმანიაში ასევე დაეხმარებიან ნახევარმცველები, ანდრო ჯაშარი და ფაბიან რიდერი.

უკრაინა - 4

უკრაინელებს საოცრად ძლიერი თაობა ჰყავთ, რაც ევროპულ გრანდებს არ გამოჰპარვიათ და მათი ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი მიხაილო მუდრიკი, ჯერ კიდევ ახალგაზრდული კონტინენტის პირველობის დაწყებამდე, „ჩელსიმ“ გადაიბირა. ანატოლი ტრუბინმა კი თავის ნიჭიერება სანაკრებო ასპარეზზეც დაამტკიცა და „შახტარიდან“ „ბენფიკამ“ წაიყვანა. იგივეს უწინასწარმეტყველებენ გეორგი სუდაკოვსა (შახტარი) და ვლადისლავ ვანატს (დინამო კიევი) - ყველა ამ მოთამაშეს წლევანდელ ევრო 2024-ზე ვიხილავთ.

პორტუგალია - 3

შარშანდელ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე რომც არ გამოეჩინა თავი, ვიტინიას საკლუბო დონეზე იმდენად დიდი პროგრესი ჰქონდა, რომ რობერტო მარტინესის ყურადღების მიღმა ვერანაირად ვერ დარჩებოდა. მის გარდა, საქართველოს ნაკრებს ამჯერად უკვე უფროსების კონტინენტის პირველობაზე „ბენფიკელი“ ჟოაო ნევეში და წარსულში ცნობილი პორტუგალიელი ფეხბურთელის, „პორტუს“ მთავარი მწვრთნელის, პოსტიდან ახლახანს გადამდგარი სერჟიო კონსეისაოს ვაჟი ფრანსისკო დაუპირისპირდებიან.

რუმინეთი - 3

საქართველოს მსგავსად, ტურნირის მასპინძელი იყო რუმინეთიც, თუმცა ვერც სპორტული შედეგებით და ვერც დასწრების მაჩვენებლით ბალკანელებმა კონკურენცია ვერ გაგვიწიეს. შარშანდელი ფორმაციის 21-წლამდე გუნდიდან ეროვნულში ითამაშებენ მეკარე სტეფან ტარნოვანუ, მცველი ბოგდან რაკოვიცანი და თავდამსხმელი დანიელ ბირლიგეა.

ინგლისი - 2

მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელებს შარშან საუკეთესო კრებული ჰყავდათ და ბათუმში გამართულ ფინალში ესპანელების დამარცხებით ჩემპიონები გახდნენ, ახალგაზრდული გუნდიდან ეროვნულში მხოლოდ ორი დაწინაურდა, თუმცა კოულ პალმერისა და ენტონი გორდონის სახით ორივე ისეთია, რომ გარეთ საუთგეიტი მათზე უდიდეს იმედებს ამყარებს. პალმერი ინგლისის პრემიერლიგის გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს აღიარეს, 22 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ერლინგ ჰოლანდს (27) ჩამორჩა. გორდონის (ნიუკასლი) ანგარიშზე კი 11 გოლთან ერთად, 10 საგოლე პასი იყო.

იტალია - 2

იტალიელები წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე საკმაოდ რთულ ჯგუფში არიან მოხვედრილი და ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ძველებურად ძლიერი თაობა „სკუადრა აძურას“ აღარ ჰყავს, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ შარშანდელი ახალგაზრდული ნაკრებიდან მხოლოდ ორი ფეხბურთელია ეროვნულში ინტეგრირებული - რაულ ბელანოვა და ანდრეა კამბიასო.

დანარჩენები

საფრანგეთს, ხორვატიისა და ესპანეთის ნაკრებს ახალგაზრდული ნაკრებებიდან თითო-თითო ფეხბურთელი ჰყავთ დაწინაურებული - დიდიე დეშამმა პსჟ-ს შეტევის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა ბრედლი ბარკოლა იხმო, ზლატკო დალიჩმა - მარტინ ბატურინა, ხოლო ლუის დე ლა ფუენტემ ალექს ბაენას, რომელიც ლა ლიგის საუკეთესო ასისტენტი გახდა, კარგი სეზონი დაუფასა და „ფურია როხას“ განაცხადში შეიყვანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველოს საიდუმლო: ბარსაში დამზადებული აკადემია და ბიჭები ქუჩიდან“
„საქართველოს საიდუმლო: ბარსაში დამზადებული აკადემია და ბიჭები ქუჩიდან“