კიდევ ერთი ქართველი ლევანტეში - ჯანელიძემ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
ესპანურ „ლევანტეში’’ გიორგი ქოჩორაშვილის გარდა კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, 15 წლის გიორგი ჯანელიძე ირიცხება, რომელმაც ახლახანს კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, შემდეგ სეზონში „ლევანტეს’’ 18-წლამდე გუნდში, Juvenil B-ში ითამაშებს.
გიორგი ჯანელიძე 6 წელი თბილისის „დინამოს'' აკადემიაში ირიცხებოდა, 2 წელია რაც ესპანეთში გადავიდა. 1 წელი „ლევანტეს'' ფილიალ „პატაკონაში'' თამაშობდა და ასევე 1 წელია რაც „ლევანტეს'' აკადემიის ფეხბურთელია.
გიორგიმ CrystalSport-თან საუბარში აღნიშნა: „ამ ორ წელიწადში „ლევანტემ'' ჩემს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. ძალიან თბილად და მეგობრულად მიმიღეს როგორც სტაფმა, ასევე გუნდელებმა. ასევე, თბილისის „დინამოს'' აკადემიის მადლიერი ვარ იქ გატარებული წლებისთვის''.
გიორგი ჯანელიძე 15 წლისაა, 27 ნოემბერს 16 წლის გახდება. მისი სიმაღლე 1,88 მეტრია. თამაშობს როგორც მარცხენა მცველის, ასევე მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციებზე.
ასევე გეტყვით, რომ გასულ წელს გიორგი ჯანელიძე საქართველოს 16-წლამდე ნაკრების შეკრებაზე იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, „ლევანტეს'' პირველი გუნდი ლა ლიგა 2-ში თამაშობს და ამ გუნდის წევრი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილია.