გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ვილი სანიოლი, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

„საქართველოს საიდუმლო: ბარსაში დამზადებული აკადემია და ბიჭები ქუჩიდან“

ესპანური გამოცემა elmundo საქართველოს ნაკრების შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს და საუბარს 2008 წლიდან იწყებს. თბილისის „დინამოს“ აკადემია, ესპანური ფეხბურთის გავლენა და სხვა საინტერესო დეტალები.

ესპანურ გამოცემას ჩისკო, ანდრეს კარასკო და გიორგი ქოჩორაშვილი ესაუბრნენ.

„ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მამარდაშვილის გვარების უკან საქართველო ორი წელია ევროპის საფეხბურთო რუკაზე დგას. მისმა ბრწყინვალებამ ნეაპოლში დიდებული თამაშითა და გოლებით, ხოლო ვალენსიაში მამარდაშვილის ბრწყინვალე თამაშით 3.7 მილიონიანი პატარა ქვეყანა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანეს.

ქართველებმა დამოუკიდებლობა 1991 წელს გამოაცხადეს და საბჭოთა კავშირს გამოეყვნენ, შემდეგ 2008-ში მათ რუსეთთან ომი ჰქონდათ, როდესაც რუსები მათ ტერიტორიაზე შეიჭრნენ. მათი ფეხბურთი კი ესპანელებმა „მოინადირეს“. საქართველოს ნაკრების ისტორიული მიღწევა, როცა მათ პენალტების სერიაში საბერძნეთი დაამარცხეს და მთელი ქვეყანა გააგიჟეს, სათავეს ესპანეთში იღებს, 2008-2012 წლებში მიღწეული ესპანური ფეხბურთის წარმატება, ტიკი-ტაკა და გაოცებული მსოფლიო.

მწვრთნელებისა და ფეხბურთელების მხრივ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მიმღები ლიგა იყო. ბარსელონას ახალგაზრდული გუნდის ორი ყოფილი მწვრთნელი საქართველოში ჩავიდა: ალექს გარსია, რომელიც ბლაუგრანას ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა და ანდრეს კარასკო, რომლის მისიაც დინამო თბილისის აკადემიის შექმნა იყო, მისი მფლობელის, ბიზნესმენ რომან ფიფიას მოთხოვნით.

ახლა აკადემია მზადაა გაზარდოს 1981 წლის მსგავსი გუნდი, რომელმაც თასების მფლობელთა თასი მოიგო, უპირველეს ყოვლისა კი გაზარდოს ფეხბურთელები თავიანთი ეროვნული ნაკრებისთვის. დღეს გერმანიაში ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით მყოფი ნაკრების 70% სწორედ დინამოს აკადემიის აღზრდილი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული.

გარკვეული დროის შემდეგ, დინამოში სათამაშოდ ვალენსიას ყოფილი ფეხბურთელი ჩისკო ჩავიდა, რომელიც მოგვიანებით გუნდის მთავარი მწვრთნელიც გახდა. ის იხსენებს: „კლუბში ახალგაზრდების გაზრდის განზრახვა იყო. პრეზიდენტს სურდა ფსონი ახალგაზრდებზე დაედო“.

ჯვაროსნების ერთ-ერთი მოთამაშე, რომელიც ევროზე საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავს, სწორედ ესპანური ფეხბურთის მენტალიტეტით აღიზარდა.

„12 წლის ვიყავი, როდესაც დინამოს აკადემიაში მივედი, მყავდა დირექტორი, რომელმაც ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა, ვარჯიშებზე, ფეხბურთის თამაშზე. მე ესპანური მენტალიტეტით გავიზარდე.

შოთა არველაძის შემდეგ, ასეთ დონეზე ჩვენგან დიდ ხანს არავის ჰქონდა ნათამაშები. ამ პირველი ნაბიჯის გადადგმა გართულებული იყო. მე 18 წლის ვიყავი, მაგრამ 21 წლამდე დებიუტი არ მქონდა. თუმცა მესმის და ეს იმის დემონსტრირებაა, რომ ყველაფერი შესაძლებელია. აქ ესპანეთში პირველი მამარდაშვილი ჩამოვიდა, თავისი უმაღლესი დონით, ხვიჩა კვარაცხელია ჩავიდა ნეაპოლში... ფეხბურთელები იწყებენ ჩასვლას და ჩვენ ყველანი ვიზრდებით“.

- ამბობს ქოჩორაშვილი.

მთავარი პერსონა, რომელმაც ქოჩორაშვილი შენიშნა, არის ანდრეს კარასკო.

„ჩვენი იდეა იყო დაგვეარსებინა აკადემია, რათა მიგვეღწია სტილისთვის, იდენტობისთვის. მე ბარსაში 13 წელი ვიყავი და დავინახეთ, რომ შესაძლებელი იყო ამ 4-3-3-ის გამოყენება, რადგან მათი ფიზიკური დონე კარგი იყო, ეს რეალური გახდა. ქუჩებში ვნახეთ ბევრი ტექნიკური მოთამაშე, რომლებთანაც საინტერესო ტექნიკური კუთხით შეგვეძლო მუშაობა.

ქოჩორაშვილის შემთხვევაშიც და უპირველეს ყოვლისა კვარაცხელიაში ეს დეტალები კარგად ჩანდა. ის ნამდვილი მებრძოლი იყო, ძალიან შრომისმოყვარე, რადგან ეს შრომის უნარი არის ის, რაც შენ გამორჩეულს გხდის საქართველოში. მაგრამ მის ნიჭს თავიდან ვერავინ ხედავდა. ჩვენ მიერ ჩატარებულ ტესტებში მას ეს არ გამოუვლენია, თავიდან მასში ეჭვი ბევრს ეპარებოდა. მე გავრისკე, ეს გარკვეულწილად აზარტული თამაშიც იყო, რადგან მჯეროდა, რომ ის ამას იმსახურებდა. რუსეთიდან ნეაპოლამდე მან ურთულესი ნაბიჯები გაიარა, მაგრამ შემდეგ წინ მოულოდნელი ფაქტორით წაიწია.

ამჟამად საქართველოს ნაკრებში დიდი იშვიათობაა და პირველი შემთხვევაა, როცა გუნდში თითქმის არც ერთი ფეხბურთელი რუსეთის ან საქართველოს ჩემპიონატში არ თამაშობს“.

- ამბობს კარასკო.

საქართველოს ნაკრებს სხვა გამორჩეული მოთამაშეებიც ჰყავს, გიორგი ჩაკვეტაძე უოტფორდიდან, რომელსაც თვალს აქტიურად ადევნებენ, ასევე საფრანგეთის ლიგა 1-ის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე, რომელიც მეცში თამაშობს და ბორდოში მყოფი ზურიკო დავითაშვილი.

„ახლა ქვეყანაში ფეხბურთს მეტი ხილვადობა აქვს, რადგან გვყავს მოთამაშეები, რომლებიც ესპანეთში, იტალიაში და საფრანგეთში ჩავიდნენ. ეს ხალხს ხელს უწყობს ფეხბურთი მეტად წაახალისონ და მსგავსი ბიჭები საქართველოში მეტად ეძებონ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადრე აქ კარგი ბიჭები არ იყვნენ, უბრალოდ მათ არ გამოუვიდათ გადახტომა და ევროპულ ლიგებში მოხვედრა, მეტის სწავლა და გაზრდა“.

- ამბობს ქოჩორაშვილი.

ჩისკო თვლის, რომ საქართველოს ნაკრებს ევროზე სიურპრიზების შეთავაზება შეუძლია.

„არიან ფეხბურთელები, რომლებმაც 21 წლის ასაკში უკვე 100 შეხვედრა ჩაატარეს და მზად არიან ხელიდან არ გაუშვან არც ერთი შესაძლებლობა. ისინი აპირებენ ყველაფერი გასცენ თავიანთი ქვეყნისთვის, გამოვლენ თავიანთი დროშით, რათა თავიანთი ქვეყნისთვის ითამაშონ. მათგან სიურპრიზებს ველი“.

გიორგი ქოჩორაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები მხოლოდ მამარდაშვილი და კვარაცხელია არ არის.

„გასაგებია, რომ ჩვენ ორი დიდი სახელი გვყავს. კვარა არის დიდი ვარსკვლავი, რომლის მსგავსიც იშვიათად იბადება, მაგრამ საქართველოს ნაკრებში გუნდურად ვთამაშობთ. კვარა გვეხმარება თავისი ტალანტით და ჩვენც ვეხმარებით მას, რომ ის თითოეულ თამაშში თავისი თავის საუკეთესო ვერსია იყოს“.

ქოჩორაშვილი ვილი სანიოლის მუშაობის სტილზეც საუბრობს:

„ვილი გონებრივ ნაწილს ძალიან აკონტროლებს, ეს კი ფეხბურთში დიდი მნიშვნელობის არის, ფიზიკური და ტაქტიკური ნაწილის მიღმა. ეს გვაძლევს დიდ თავისუფლებას და ამით თავს უფრო ძლიერად ვგრძნობთ. ჩვენ ვტკბებით ამ მომენტებით, სიამოვნებას ვიღებთ თურქეთთან, ჩეხეთთან და პორტუგალიასთან ჩასატარებელი მატჩებისგან“.

საქართველოს ნაკრებს გერმანიაში 60 ათასი გულშემატკივრის მხარდაჭერის წინაშე თამაში არ მოუწევს, როგორც ეს საბერძნეთთან ფინალში მოხდა, მაგრამ გრძნობენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი ქვეყნისთვის ამ სიხარულის მინიჭება და წარმატების მიცემა“.

- წერს ესპანური გამოცემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ESPN-ი საქართველოს ყველაზე სუსტად არ თვლის, საფრანგეთი ფავორიტია
ESPN-ი საქართველოს ყველაზე სუსტად არ თვლის, საფრანგეთი ფავორიტია