ევრო 2024-ის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და განსაკუთრებულად ვემზადებით. ეს ის ტურნირია, რომლის გარშემოც ნებისმიერი ინფორმაცია საინტერესოა და ჩვენს თამაშებისადმი ინტერესს კიდევ უფრო გააღვივებს.
CrystalSport-ი, ჯგუფების მიხედვით, მონაწილე გუნდების წარდგენას აგრძელებს. სტატიის მიზანია, გაგაცნოთ მნიშვნელოვანი დეტალები, ფაქტები, სტატისტიკები და ამბები, გუნდებისა თუ ფეხბურთელების გარშემო. ასე რომ, დავიწყოთ და დეტალურად გავიცნოთ, ვის, რატომ და რა ინტერესით უნდა ვუყუროთ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში. A, B, C, D და E ჯგუფების შესახებ უკვე ვისაუბრეთ, დღეს ბოლო F ჯგუფის ჯერია.
F ჯგუფი: პორტუგალია, ჩეხეთი, თურქეთი, საქართველო
OPTA-ს სუპერ კომპიუტერის პროგნოზი ჯგუფიდან გასვლაზე: პორტუგალია - 93.6%; ჩეხეთი - 60.7%; თურქეთი - 74.2%; საქართველო - 37.2
18 ივნისი - 20:00 - თურქეთი V საქართველო (დორტმუნდი, სიგნალ იდუნა პარკი)
18 ივნისი - 23:00 - პორტუგალია V ჩეხეთი (ლაიპციგი, რედ ბულ არენა)
22 ივნისი - 17:00 - საქართველო V ჩეხეთი (ჰამბურგი, ფოლკშპარკშტადიონი)
22 ივნისი - 20:00 - თურქეთი V პორტუგალია (დორტმუნდი, სიგნალ იდუნა პარკი)
26 ივნისი - 23:00 - ჩეხეთი V თურქეთი (ჰამბურგი, ფოლკშპარკშტადიონი)
26 ივნისი - 23:00 საქართველო V პორტუგალია (გელზერკირხენი, ფელტინს არენა)
პორტუგალია
რამდენიმე დღის წინ, ჟოზე მოურინიომ თქვა: „თუკი პორტუგალია ევროზე ორ გუნდს წაიყვანდა, მეორე გუნდიც ტურნირის ფავორიტი იქნებოდა“. მართლა წარმოუდგენელია, გუნდის შემადგენლობას შეხედო და თვალი არ აგიჭრელდეს: თამამად ვიტყვი - ამ ნაკრებს ასეთი ღრმა, ხარისხიანი, დაბალანსებული და ძლიერი შემადგენლობა არასდროს ჰყოლია.
ნებისმიერ პოზიციას რომ შეხედო, იქ ან ტოპ კლასის ვარსკვლავია, ან უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელსაც ყველაფერი აქვს, რომ ხვალ-ზეგ ასეთივე ტოპ კლასის მოთამაშე გახდეს. კრიშტიანუს, პეპეს, დანილო პერეირას, რუი პატრისიუს საჩემპიონო გამოცდილებაც მნიშვნელოვანი დამხმარე იქნება მათთვის, ვისაც დიდ სცენაზე თავისი სიტყვა ბოლომდე არ უთქვამს, მაგრამ ამის გასაკეთებლად ყველაფერი აქვს.
წინა მსოფლიო ჩემპიონატის დროს ისეთმა ფრაზებმაც გაიჟღერა, რომ ეს გუნდი რონალდუს გარეშე უკეთესად ითამაშებდა. ამ მოსაზრებას არსებობის უფლება ნამდვილად აქვს, მაგრამ ეს კრიშტიანუ რონალდუა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის სიმბოლო და, 14 გოლით, ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. მე-6 ევროს ითამაშებს და აქამდე ხუთიც არავის ჰქონდა ნათამაშები, ახლა გააკეთებენ ამას ლუკა მოდრიჩი და პეპე. 5 ტურნირზე აქვს გატანილი გოლი, რაც მხოლოდ მას აქვს გაკეთებული. 7 ასისტი აქვს და ყველა დროის რეკორდსმენ კარელ პობორსკის 1-ით ჩამორჩება. ფინალურ ეტაპზე 25 მატჩი აქვს ჩატარებული, რაც ასევე სარეკორდოა და ყველაზე ახლოს მისივე თანაგუნდელები - პეპე და ჟოაუ მოუტინიუ არიან - 19-19. საინტერესოა, რომელ და რამდენ რეკორდს გააუმჯობესებს ან დაამყარებს ამ ევროზე...
პორტუგალიის ნაკრები ევროს ფინალურ ეტაპზე მეცხრედ ითამაშებს და აქამდე ჯგუფში არასდროს ჩარჩენილა. გუნდი ზედიზედ მერვე ტურნირს თამაშობს და ერთადერთია, რომელიც წინა 7 ევროზე პლეი-ოფში გავიდა.
ფანტასტიკური სვლა ჰქონდა გუნდს საკვალიფიკაციოზე, სადაც 10-ვე თამაში მოიგო, ყველაზე მეტი - 36 გოლი გაიტანა და ყველაზე ცოტა - 2 გოლი გაუშვა. ბრუნო ფერნანდეშმა, 6 გოლთან ერთად, 8 ასისტი მიითვალა და საკვალიფიკაციოს საუკეთესო მეპასე იყო.
ვერდიქტი: პორტუგალია ეუსებიოს და ფიგუს ქვეყანაა და მათ პერიოდებში მაგარი ნაკრები ჰყავდათ, მაგრამ თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ასეთი თაობა და შემადგენლობა არასდროს ჰყოლიათ. თუკი, მარტინესი ამ ფანტასტიკურ გუნდში ბალანსს მონახავს და ატმოსფეროს დაალაგებს, პორტუგალიას ჩემპიონობის არავისზე ნაკლები შანსი არ ექნება.
საკვალიფიკაციო ეტაპი: პორტუგალია (30); სლოვაკეთი (22); ლუქსემბურგი (17); ისლანდია (10); ბოსნია (9); ლიხტენშტაინი (0)
ბომბარდირი საკვალიფიკაციოზე: რონალდუ - 10
ასისტენტი საკვალიფიკაციოზე: ბრუნო ფერნანდეში - 8
3 ყველაზე მეტი კეპი: რონალდუ - 207; პეპე - 137; რუი პატრისიუ - 108
მონაწილეობა ევროზე: მე-9
საუკეთესო შედეგი: ჩემპიონი - 2016
შედეგი ევრო 2020-ზე: 1/8 ფინალი, ბელგიასთან 0:1
ფაქტი: პორტუგალიის ნაკრებს ევროს ფინალურ ეტაპზე 8-ჯერ აქვს ნათამაშები და ჯგუფში არასდროს ჩარჩენილა. ერთადერთი გუნდია, რომელმაც ბოლო 7 ევროზე პლეი-ოფი ითამაშა.
მთავარი მწვრთნელი: რობერტო მარტინესი. ბელგიის ნაკრებში 6-წლიანი მუშაობის შემდეგ, მარტინესს აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ „ოქროს თაობას“ ვერაფერი მოაგებინა. ესპანელი სპეციალისტი ახლა უკვე პორტუგალიის „ოქროს თაობას“ უდგას სათავეში და ეს პირველი დიდი ტურნირია. ფანტასტიკური შემადგენლობა ჰყავს, უამრავი ვარსკვლავით: მართალია, შეტევის ხაზი განსაკუთრებით ბრჭყვიალაა, მაგრამ არც დანარჩენი რგოლებია ნაკლები. ერთი სიტყვით, მარტინესს ძალიან კარგად დაბალანსებული შემადგენლობა დახვდა, ისეთი, თითო პოზიციაზე ყველა ვარიანტში ტოპ კლასის ფეხბურთელი რომ არის. ერთი მხრივ, ეს დიდი უპირატესობა და ფუფუნებაა და რამდენადაც ეს ასეა, იმდენად რთულია ასეთი ფეხბურთელების კომპლექტისთვის ბალანსის მიცემა. 50 წლის ტაქტიკოსის მთავარი ფუნქცია სწორედ გუნდში დადებითი ატმოსფეროს შექმნა და გუნდისთვის ბალანსის მიცემა იქნება.
3 საკვანძო ფეხბურთელი: რონალდუ (ალ ნასრი); ფერნანდეში (მანჩესტერ იუნაიტედი); დიაში (მანჩესტერ სიტი)
კაცი, რომელსაც შეუძლია, მნიშვნელოვანი ბონუსი გახდეს: ჟოაუ ნევეში. 19 წლის უნიჭიერესი ნახევარმცველი, რომელიც იქაური ფეხბურთის მომავლად განიხილება და ძალიან კარგი პრესა აქვს. „ბენფიკას“ აკადემიის აღზრდილია და ძირითად გუნდში გასული სეზონიდან თამაშობს, წელს კი სასტარტო შემადგენლობის სტაბილური წევრი და გუნდის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი იყო. სათამაშო რიტმის გრძნობა, პასის კულტურა, ინტელექტი და სწორი გადაწყვეტილებების სხარტად მიღების უნარი, რასაც უმაგრესი მენტალიტეტი და პიროვნული თვისებები ემატება: ეს ყველაფერი არის ის, რაც ნევეშს რობერტო მარტინესის კოზირად და ერთ-ერთ ბონუსად აქცევს.
მეკარეები: დიოგუ კოშტა (პორტუ); რუი პატრისიუ (რომა); ჟოზე სა (ვულვზი);
მცველები: ჟოაუ კანსელუ (ბარსელონა); დიოგუ დალოტი (მანჩესტერ იუნაიტედი); რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი); გონსალუ ინასიუ (სპორტინგი); ნუნო მენდეში (პსჟ); პეპე (პორტუ); ნელსონ სემედუ (ვულვზი); ანტონიო სილვა (ბენფიკა);
ნახევარმცველები: დანილუ პერეირა (პსჟ); ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნაიტედი); პედრო ნეტუ (ვულვზი); ჟოაუ ნევეში (ბენფიკა); რუბენ ნევეში (ალ ჰილალი); მატეუშ ნუნიეში (მანჩესტერ სიტი); ჟოაუ პალინია (ფულემი); ბერნარდუ სილვა (მანჩესტერ სიტი); ვიტინია (პსჟ);
თავდამსხმელები: ფრანსისკო კონსეისაუ (პორტუ); ჟოაუ ფელიქსი (ბარსელონა); დიოგუ ჟოტა (ლივერპული); რაფაელ ლეაუ (მილანი); გონსალუ რამუში (პსჟ); კრიშტიანუ რონალდუ (ალ ნასრი).
ჩეხეთი
ჩეხეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის უცხო გუნდი ნამდვილად არაა. პირიქით, ტრადიციები, ისტორია, შედეგები და სტატუსი ამ გუნდს ნამდვილად აქვს - ანრი დელონის თასი მოგებულიც აქვს, ფინალიც აქვს ნათამაშები და გვახსოვს ისეთი ტურნირებიც, როცა ძალიან მაგარი გუნდი ჰყავდათ, მაგრამ ბოლომდე ვერ გავიდნენ, მაგალითად, ევრო 2004.
ჩეხები ფინალურ ეტაპზე მე-11-ედ ითამაშებენ, მათ შორის, ეს ზედიზედ მერვე მონაწილეობაა, რაც კოლოსალური გამოცდილებისა და კლასის მანიშნებელია. ევრო 2020-ზე მათი შედეგი იყო 1/4 ფინალი, რომელშიც დანიის ნაკრებთან დამარცხდა. მათი ლიდერი, პატრიკ შიკი კი, კრიშტიანუსთან ერთად, 5 გოლით ტურნირის თანაბომბარდირი გახდა. ჩეხებისგან ბოლოს ასეთი სტატუსი ჰქონდა მილან ბაროშს, რომელმაც უკვე ნახსენებ ევრო 2004-ზე ასევე 5 გოლი შეაგდო.
ჩეხეთის შემთხვევაში, მთავარია, სამწვრთნელო ცვლილებამ გუნდის თამაშზე განსაკუთრებული გავლენა არ მოახდინოს, რისი ნიშნებიც, მაგალითად, ამხანაგურ შეხვედრებში არ იყო, რადგან ივან ჰაშეკის მოსვლის შემდეგ, ოთხივე მატჩი მოიგეს.
ჰაშეკის ამოცანა იყო, რომ იაროსლავ შილჰავის აწყობილი სტრუქტურა გაეგრძელებინა და მასში თავისი ელემენტები ძალიან ფრთხილად შეეტანა. სხვანაირად შეუძლებელია, რადგან მას გუნდის მოსამზადებლად მხოლოდ 6 თვე, ანუ 2 შეკრება მიეცა - მარტში ერთკვირიანი და ევროს დაწყებამდე დაახლოებით 20-დღიანი.
შესაბამისად, თუკი ჩეხეთის ნაკრების დახასიათება გვინდა, მაგალითებად შილჰავის პერიოდის ნიშან-თვისებები უნდა მოვიყვანოთ. მის დროს, გუნდი მაღალი დონის სათამაშო დისციპლინით, კარგად ორგანიზებული და კომპაქტური თამაშით, ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელებითა და სტანდარტულ მდგომარეობებზე ეფექტიანი მოქმედებებით ხასიათდებოდა. რთულია ამ გუნდის მენტალური და სათამაშო ბალანსის დარღვევა, რადგან, განსაკუთრებული ვარსკვლავების არყოლის პირობებში, შილჰავიმ აქცენტი გუნდური სტრუქტურის აწყობაზე გააკეთა და ეს გამოუვიდა კიდეც.
კარგი პერიოდის მანიშნებელი და გუნდისთვის მენტალური ბუსტია ისიც, რომ ჩეხურ კლუბებს საკმაოდ კარგი ევროტურნირები ჰქონდათ. „პლზენი“ კონფერენს ლიგის 1/4 ფინალამდე მივიდა და იქ „ფიორენტინასთან“ დამატებით დროში დამარცხდა, „სპარტა“ და „სლავია“ კი ევროპა ლიგის 1/8 ფინალში, შესაბამისად, „ლივერპულთან“ და „მილანთან“ დამარცხდნენ. ამ 3 კლუბიდან ევროზე ჰაშეკს 15 (!!!) ფეხბურთელი ჰყავს წაყვანილი.
ვერდიქტი: ჩეხეთის ნაკრები ფიზიკურად ძლიერი, მოძრავი, ტაქტიკურად და მენტალურად კარგად მომზადებული და სათამაშო დისციპლინის მაღალ დონეზე შემსრულებელი გუნდია. დიდი ისტორიისა და ტრადიციის მქონე ქვეყნის ნაკრებია, რომელიც საჩუქარი არც ერთი გრანდისთვის იქნება. პორტუგალიის შემდეგ, ამ ჯგუფიდან გასვლის მთავარი კანდიდატია.
საკვალიფიკაციო ეტაპი: ალბანეთი (15); ჩეხეთი (15); პოლონეთი (11); მოლდოვა (10); ფარერის კუნძულები (2)
ბომბარდირი საკვალიფიკაციოზე: სოუჩეკი, ჩერნი - 3-3
ასისტენტი საკვალიფიკაციოზე: სოუჩეკი, ჩორი, ჩიტილი, ცოუფალი, ჰლოზეკი, იურაშეკი, იურეცკა, კრალი, კრუშეი - 1-1
3 ყველაზე მეტი კეპი: სოუჩეკი - 69; ცოუფალი - 42; ბარაკი - 41
მონაწილეობა ევროზე: მე-11
საუკეთესო შედეგი: ჩემპიონი - 1976
შედეგი ევრო 2020-ზე: 1/4 ფინალი, დანიასთან 1:2
ფაქტი: ჩეხეთის ნაკრები ევროს ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მერვედ თამაშობს. ევრო 2020-ზე 1/4 ფინალამდე მივიდნენ, პატრიკ შიკი კი, 5 გოლით, კრიშტიანუსთან ერთად, ტურნირის თანაბომბარდირი გახდა.
მთავარი მწვრთნელი: ივან ჰაშეკი. ჩეხური ფეხბურთის ლეგენდა, რომელიც გუნდს 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩეხოსლოვაკიის ნაკრებს კაპიტნობდა. სხვათა შორის, ამ ევროზე ის ყველაზე ახალბედა მწვრთნელია იმ კუთხით, რომ პოსტზე მხოლოდ იანვარში დანიშნეს. ვიცით, რომ ჩეხები ევროზე იაროსლავ შილჰავიმ გაიყვანა, მაგრამ პოსტი ბოლო მატჩის დასრულებისთანავე დატოვა, რის ოფიციალურ მიზეზადაც გულშემატკივრის მხრიდან ზედმეტი წნეხი და კრიტიკის დიდი დოზა დაასახელა. მის შემცვლელ ჰაშეკს განსაკუთრებული სამწვრთნელო CV არ აქვს: მუშაობდა ჩეხურ გუნდებში, 1 წლით - ფრანგულ „სენტ ეტიენში“ და 2-ით - „რასინგ სტრასბურში“, ასევე აზიის რამდენიმე კლუბსა და ნაკრებში, ბოლო ტიტული კი 2011-12 წლებში საუდის არაბეთში მოიგო - პრინცის თასი. სამაგიეროდ, ჩეხურ ფეხბურთში დიდი ფიგურაა, ავტორიტეტით სარგებლობს, კარგი კონტაქტები და ურთიერთობები აქვს: ეს ყველაფერი, ასეთ პრაქტიკულად ცაიტნოტურ ვითარებაში, როცა ევროპის ჩემპიონატამდე თვეები რჩება, ძალიან მნიშვნელოვანია, რათა გუნდი დიდ ტურნირზე სათანადო განწყობითა და მენტალური მზაობით გაიყვანო. ლოგიკურია, რომ მასზე არჩევანის შეჩერების მთავარი არგუმენტები სწორედ ჩამოთვლილი ფაქტორები და გარემოებები იყოს. უნდა ითქვას, რომ ჰაშეკმა ჩეხეთის ნაკრებში, რომელსაც 2009 წელსაც წვრთნიდა (ოღონდ, მხოლოდ 3 თვის განმავლობაში), განწყობა და თავდაჯერებულობა ნამდვილად მოიტანა: გუნდმა მისი ხელმძღვანელობით 4 ამხანაგური მატჩი გამართა და ყველა მოიგო - ნორვეგიასთან, სომხეთთან, მალტასთან (7:1) და ჩრდილოეთ მაკედონიასთან.
3 საკვანძო ფეხბურთელი: ტომაშ სოუჩეკი (ვესტ ჰემი); პატრიკ შიკი (ლევერკუზენი); ანტონინ ბარაკი (ფიორენტინა)
კაცი, რომელსაც შეუძლია, მნიშვნელოვანი ბონუსი გახდეს: პაველ შულცი. ჩეხური ფეხბურთის ერთ-ერთი დიდი ტალანტი და „პლზენის“ ლიდერი, რომელიც ნაკრებში პირველად მარტში, სწორედ ჰაშეკმა გამოიძახა. 23 წლის შემტევი ნახევარმცველი, მაგარი საკლუბო სეზონით (ჩეხეთის ჩემპიონატის ბომბარდირს 1 გოლით ჩამორჩა) - 18 გოლთან ერთად, 6 საგოლე გადაცემაც მიითვალა. გარდა ამისა, გუნდს კონფერენს ლიგის 1/4 ფინალამდე გაუძღვა, რაც 2 გოლსა და 2 საგოლე პასში ითარგმნება. პოზიციის შერჩევისა და კოორდინაციის კარგი უნარი, რაც საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩენასა და გოლების გატანაში ეხმარება, რასაც მშვენივრად განვითარებული ფინიშინგის ხარჯზე აკეთებს. ურტყამს პენალტებს და ძლიერია ორივე ფეხით თამაშისას. მისი პლუსია სისწრაფე და თავისუფალი სივრცეების ეფექტიანად ათვისებაც. ერთი სიტყვით, ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ გაიბრწყინოს და გუნდისთვის მნიშვნელოვანი წევრი გახდეს.
მეკარეები: ვიტიესლავ იაროში (შტურმი); მატაი კოვარჟი (ლევერკუზენი); ინდრიხ შტანეკი (სლავია პრაღა);
მცველები: ვლადიმირ ცოუფალი (ვესტ ჰემი); დავიდ დოუდერა (სლავია პრაღა); რობინ ჰრანაჩი (პლზენი); დავიდ იურაშეკი (ჰოფენჰაიმი); ლადისლავ კრაიჩი (სპარტა პრაღა); მარტინ ვიტიკი (სპარტა პრაღა); ტომაშ ვიჩეკი (სლავია პრაღა); დავიდ ზიმა (სლავია პრაღა);
ნახევარმცველები: ანტონინ ბარაკი (ფიორენტინა); ლუკაშ ჩერვი (პლზენი); ტომაშ ჰოლეში (სლავია პრაღა); მატაი იურაშეკი (სლავია პრაღა); ონდრეი ლინგრი (ფეიენოორდი); ლუკაშ პროვოდი (სლავია პრაღა); მიხალ სადილეკი (ტვენტე); ტომაშ სოუჩეკი (ვესტ ჰემი); პაველ შულცი (პლზენი);
თავდამსხმელები: ვაცლავ ჩერნი (ვოლფსბურგი); ტომაშ ჰორი (პლზენი); მიომირ ჩიტილი (სლავია პრაღა); ადამ ჰლოჟეკი (ლევერკუზენი); იან კუხტა (სპარტა პრაღა); პატრიკ შიკი (ლევერკუზენი).
თურქეთი
თურქები თავიანთ მეექვსე ევროპის ჩემპიონატს ითამაშებენ და ისტორიაში პირველადაა, როცა ზედიზედ მესამე ტურნირზე კვალიფიცირდნენ. ამ სერიის მიუხედავად, ბოლო გათამაშებებზე წარუმატებლობის სინონიმებად იქცნენ - 7-დან 6 თამაში აქვთ წაგებული, გუნდმა ჯგუფური ეტაპი ბოლოს 2008-ში დასძლია, როცა 1/2 ფინალამდე მივიდა, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
სტატისტიკას კიდევ უფრო ფართოდ თუ ჩავხედავთ და სიღრმეებში შევალთ, აღმოვაჩენთ, რომ გუნდს ევროს ფინალურ ეტაპზე ჩატარებული ბოლო 12 მატჩიდან მხოლოდ 1-ში აქვს კარი მშრალად შენახული. ძლიერი დაცვის ხაზი არც მონტელას ფორმაციის თურქეთის მთავარი ნიშაა და ეს მარტში, ავსტრიის ნაკრებთან შეხვედრისასაც, გამოჩნდა, როცა 1:6 წააგეს.
ვინჩენცო მონტელას გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპი შესანიშნავად ჩაატარა, ხორვატიის, უელსის, სომხეთისა და ლატვიის ჯგუფში, პირველი ადგილი დაიკავა და გერმანიის საგზური ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე მოიპოვა.
ეს სტაბილურობა თავისთავად დადებითი ამბავია, მაგრამ გუნდში რომ გარდამავალი პერიოდია და ჯერჯერობით ტურბულენტური თამაშითა და შედეგებით ხასიათდება, ესეც ფაქტია. აქ არიან ტოპ ტალანტები, არდა გიულერისა და ქენან ილდიზის სახით, რომლებიც უნიჭიერესი ფეხბურთელები არიან, მაგრამ დიდ მატჩებში მათზე დაყრდნობა და დიდი პასუხისმგებლობის აკიდება, რამდენად გაამართლებს, რთული სათქმელია.
მონტელას პრობლემები შეექმნა საკადრო კუთხით, რადგან მოსამზადებელ ეტაპზე გუნდის 3-მა მნიშვნელოვანმა წევრმა ტრავმა მიიღო და გერმანიაში ვერ მიდიან: ჯაგლარ სოიუნჯუმ, ოზან ქაბაქმა და რიდვან ილმაზმა.
ვერდიქტი: თურქეთის ნაკრებს ხარისხი და გამოცდილება ნამდვილად არ აკლია იმისთვის, რომ ამ ჯგუფიდან გავიდეს. უბრალოდ, ისაა, რომ გუნდი ბოლო წლებში ძალიან არასტაბილურია და ყოველთვის რთული სათქმელია, კონკრეტულ მატჩში რა როგორ ექნება. უდიდესი მნიშვნელობა ექნება იმას, ტურნირის გახსნით შეხვედრაში საქართველოსთან რა შედეგს მიაღწევენ. რაც არ უნდა იყოს, მაინც უფრო მოსალოდნელია, რომ ბოლო ტურის თამაშში - ჩეხეთი-თურქეთი ამ ჯგუფიდან გამსვლელი ერთი ან ორი გუნდი გაირკვევა.
საკვალიფიკაციო ეტაპი: თურქეთი (17); ხორვატია (16); უელსი (12); სომხეთი (8); ლატვია (3)
ბომბარდირი საკვალიფიკაციოზე: აქტიურქოღლუ, ტოსუნი - 2-2
ასისტენტი საკვალიფიკაციოზე: კოკჩუ - 2
3 ყველაზე მეტი კეპი: ჩალჰანოღლუ - 86; აიჰანი - 58; ტოსუნი - 51
მონაწილეობა ევროზე: მე-6
საუკეთესო შედეგი: 1/2 ფინალი - 2008
შედეგი ევრო 2020-ზე: ჯგუფური ეტაპი - 3 წაგება
ფაქტი: თურქეთის ნაკრებს ევროს ფინალურ ეტაპზე ბოლო 7-დან 6 მატჩი აქვს წაგებული. ასევე ევროს ფინალურ ეტაპზე, ბოლო 12 მატჩიდან კარი მშრალად მხოლოდ 1-ში შეინახა.
მთავარი მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა. პირველი უცხოელი სპეციალისტია, რომელიც თურქეთის ნაკრებს ევროს ფინალურ ეტაპზე უხელმძღვანელებს. ზოგადად, ბოლო მწვრთნელი, რომელმაც გუნდს დიდ ტურნირზე გაწვრთნა ასევე იტალიელი იყო - სანდრო პუპო (1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე). „ადანასპორში“ მუშაობისა და თურქული ფეხბურთის სპეციფიკის გაცნობის შემდეგ, მონტელას უკვე ეროვნული ნაკრები ჩააბარეს და იმედოვნებენ, რომ, ევრო 2008-ის, მსგავსად, როცა 1/2 ფინალამდე მივიდნენ, წარმატებული ტურნირი ექნებათ.
3 საკვანძო ფეხბურთელი: ჰაქან ჩალჰანოღლუ (ინტერი); მერტ გიუნოკი (ბეშიქთაში); კერემ აქთიურქოღლუ (გალათასარაი)
კაცი, რომელსაც შეუძლია, მნიშვნელოვანი ბონუსი გახდეს: ქენან ილდიზი. ტურინის „იუვენტუსის“ ტექნიკური და სათამაშო ინტელექტით გამორჩეული 19 წლის ფლანგის შემტევი, რომელსაც სერია A-ს მაყურებელი უკვე იცნობს. არდა გიულერთან ერთად, თურქული ფეხბურთის უდიდესი ტალანტი. გერმანიაში დაიბადა და ირონიულია, რომ პირველი სანაკრებო გოლი სწორედ გერმანიას, ბერლინგში გაუტანა, თანაც საკმაოდ ლამაზი (ქვემოთ ვიდეოში გაჩვენებთ). იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში 2 გოლი შეაგდო, ორჯერაც კოპა იტალიაზე გაიტანა. თუკი მონტელა მოახერხებს და ილდიზს მისთვის საჭირო თავისუფლება ექნება, შეუძლია, გუნდს დიდი სარგებელი მოუტანოს. უკვე ვახსენეთ და, ცხადია, მასთან ერთად, არდა გიულერიც არ უნდა დავივიწყოთ - ალბათ, არდა შედარებით უფრო ნაკლებ დროს მიიღებს, ვიდრე ქენანი, რომელიც ძირითადის კაცად განიხილება.
მეკარეები: ალთაი ბაინდირი (მანჩესტერ იუნაიტედი); მერტ გიუნოკი (ბეშიქთაში); უგურჯან ჩაქირი (ტრაბზონსპორი);
მცველები: სამეტ აქაიდინი (პანათინაიკოსი); აბდიულქერიმ ბარდაქჩი (გალათასარაი); ზეკი ჩელიკი (რომა); მერიჰ დემირალი (ალ აჰლი); ფერდი ქადიოღლუ (ფენერბაჰჩე); აჰმეტჯან ქაპლანი (აიაქსი); მერტ მიულდური (ფენერბაჰჩე); კაან აიჰანი (გალათასარაი);
ნახევარმცველები: ისმაილ იუკშეკი (ფენერბაჰჩე); ჰაქან ჩალჰანოღლუ (ინტერი); ოქაი იოკუშლუ (ვესტ ბრომვიჩი); არდა გიულერი (რეალი); ქენან ილდიზი (იუვენტუსი); ირფან ჯან კაჰვეჯი (ფენერბაჰჩე); ორქუნ კოკჩუ (ბენფიკა); სალიჰ იოზჯანი (დორტმუნდი);
თავდამსხმელები: იუნუშ აკგიუნი (ლესტერი); ქერემ აქტიორქოღლუ (გალათასარაი); სემიჰ ქილიჯშოი (ბეშიქთასი); ჯენკ ტოსუნი (ბეშიქთაში); იუსუფ იაზიჯი (ლილი); ბერტუგ ილდირიმი (რენი); ბარიშ ალპერ ილმაზი (გალათასარაი).
საქართველო
საქართველოს ნაკრები დამოუკიდებლობის შემდეგ პირველ დიდ სანაკრებო ტურნირზე ითამაშებს და ევრო 2024-ის ერთადერთი დებიუტანტი იქნება. ასევე, ჩვენი გუნდი ამ ევროზე ერთადერთია, რომელმაც შესარჩევი ეტაპი ბურთების უარყოფითი ბალანსით დაასრულა: -6, თუმცა ხასიათი პლეი-ოფში აჩვენა და, ფინალში საბერძნეთის უმძიმეს მატჩში დამარცხებით, ათწლეულების განმავლობაში საოცნებო მიზანს მიაღწია.
ვილი სანიოლმა, რომელიც „ჯვაროსნების“ მწვრთნელად 2021 წლის თებერვალში დაინიშნა, გუნდში მენტალიტეტი შეცვალა და ახალგაზრდა და გამოცდილ მოთამაშეებს შორის ბალანსი მონახა, რაც თანდათან შედეგებზე აისახა - ჯერ ერთა ლიგის B დივიზიონის საგზური მოაპოვებინა, მარტში კი საერთოდ ისტორია გადაწერა და გუნდი დიდ სანაკრებო ტურნირზე პირველად გაიყვანა.
ხვიჩა კვარაცხელია საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჯვაროსანთა“ მთავარი ფეხბურთელი იყო, 4 გოლი და 1 ასისტი ჰქონდა, ასევე, 44 წარმატებული დრიბლინგი, რაც ბელგიელ ჟერემი დოკუსთან ერთად, მთლიანად შესარჩევის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
საქართველოს ნაკრები გერმანიაში Crystalbet ეროვნული ლიგის 2 ფეხბურთელითა (ლორია და წიტაიშვილი) და 24 ლეგიონერით მიემგზავრება, მათ შორის 3 ტოპ ლიგებში თამაშობს, ორმა (გოჩოლეიშვილი, კვარაცხელია) ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ითამაშა, ერთმა კონფერენს ლიგისაზე (კაშია) და ერთმაც (კიტეიშვილი) ჯერ ევროპა ლიგის ჯგუფში და იქიდან კონფერენსის პლეი-ოფში, ასევე ევროპა ლიგაზე იყო ლუკა გუგეშაშვილი და მისი „ყარაბაღიც“, თუმცა ქართველმა მეკარემ საკვალიფიკაციოს შემდეგ მხოლოდ 6 წუთი ითამაშა.
ვერდიქტი: სრულიად გამოუცდელი, დებიუტანტი გუნდისთვის ასეთ დიდ ტურნირზე თამაში ყოველთვის სირთულეებთან არის დაკავშირებული, თუმცა, მეტოქეებიდან, ასევე იმ ხარისხიდან და მენტალიტეტიდან გამომდინარე, რაც ბოლო წლებში საქართველოს ნაკრებშია, ჯგუფიდან გასვლა წარმოუდგენელი არაა. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ გუნდშია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი - კვარაცხელია, ლა ლიგის გასული სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე - მამარდაშვილი და ლიგა 1-ის მეორე წრის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი - მიქაუტაძე. თურქეთთან სადებიუტო მატჩი უმნიშვნელოვანესი იქნება და, წესით, ბევრ რამეს გადაწყვეტს.
საკვალიფიკაციო ეტაპი: ესპანეთი (21); შოტლანდია (17); ნორვეგია (11); საქართველო (8); კვიპროსი (0); შესარჩევის პლეი-ოფი: ლუქსემბურგთან 2:0 და საბერძნეთთან 0:0 (პენ. 4:2)
ბომბარდირი საკვალიფიკაციოზე: კვარაცხელია - 4
ასისტენტი საკვალიფიკაციოზე: ჩაკვეტაძე - 3
3 ყველაზე მეტი კეპი: კაშია - 113; ლორია - 77; კაკაბაძე - 61
მონაწილეობა ევროზე: დებიუტანტი
ფაქტი: საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ერთადერთი დებიუტანტია. ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ნებისმიერ ფინალურ ეტაპზე მინიმუმ ერთი დებიუტანტი მაინც მონაწილეობდა.
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი. პირველი ფრანგი მწვრთნელია, რომელიც უცხოურ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე უხელმძღვანელებს. გუნდი 2021 წლის დასაწყისში ჩაიბარა, ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფი მოაგებინა და B დივიზიონში დააწინაურა, მარტში კი საერთოდ ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა. მიუნხენის „ბაიერნში“- 9-წლიანი და საფრანგეთის ნაკრებში 8-წლიანი პერიოდები ნათლად უსვამს ხაზს მის გამარჯვებულის მენტალიტეტს. საფრანგეთის ნაკრებთან ერთად, დიდი ტურნირების ფინალურ ეტაპებზე 12 მატჩი აქვს ჩატარებული და მხოლოდ 1-ში დამარცხდა - 6 მოგება და 5 ფრე. საქართველოს ნაკრებს 3-წლიანი მუშაობის პერიოდში, სწორედ ეს გამარჯვებულის მენტალიტეტი შესძინა და ახალი უნიჭიერესი თაობა, გამოცდილ ფეხბურთელებთან მიქსით, გაცილებით თავდაჯერებულად აათამაშა.
3 საკვანძო ფეხბურთელი: ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი); გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია); ოთარ კიტეიშვილი (შტურმი)
კაცი, რომელსაც შეუძლია, მნიშვნელოვანი ბონუსი გახდეს: ზურიკო დავითაშვილი. მართალია, სანიოლი ევროზე ძირითადი შემადგენლობის წევრად არ განიხილავს, მაგრამ ცვლილებებიდან გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელი იქნება. „ბორდოში“ სეზონის ბოლო ნაწილი მაგრად ჩაატარა - 9 თამაშში 5 გოლი და 5 ასისტი ჰქონდა. ნაკრებში ჩატარებულ 35 მატჩში 6 გოლი და 2 ასისტი აქვს.
მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი); გიორგი ლორია (დინამო თბილისი); გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია);
მცველები: ლაშა დვალი (აპოელი); გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი); გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი); ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია); გურამ კაშია (სლოვან ბრატისლავა); სოლომონ კვერკველია (ალ ოხდუდი); ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე); ჯიმი ტაბიძე (პანეტოლიკოსი);
ნახევარმცველები: სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი); გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი); ოთარ კიტეიშვილი (შტურმი); გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე); ნიკა კვეკვესკირი (ლეხ პოზნანი); გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი); საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი); ანრი მექვაბიშვილი (კრაიოვა); გაბრიელ სიგუა (ბაზელი); ლევან შენგელია (პანეტოლიკოსი);
თავდამსხმელები: ზურიკო დავითაშვილი (ბორდო); ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი); გიორგი ქვილითაია (აპოელი); გიორგი მიქაუტაძე (მეცი); ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე).