იულიან ნაგელსმანი, ილქაი გიუნდოგანი
Aa
Aa

„ძალიან კარგი გუნდია, არაკომფორტული მატჩი იქნება“ | ნაგელსმანი და გიუნდოგანი შოტლანდიაზე

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი რამდენიმე საათში დაიწყება და ტურნირის მასპინძელი, გერმანიის ნაკრები შოტლანდიას დაუპირისპირდება. მატჩამდე, „ბუნდესმანშაფტის“ თავკაცმა, იულიან ნაგელსმანმა პრესკონფერენცია გამართა და თან გუნდის კაპიტანი, ილქაი გიუნდოგანი ახლდა.

„გერმანიის ნაკრების ყველა ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს. ერთადერთი გამონაკლისი ალექსანდარ პავლოვიჩია, რომელსაც იმდენად სერიოზული ტონზილიტი ჰქონდა, ევროზე ვერ ითამაშებდა. უამრავი კომპლიმენტი ჩვენს სამედიცინო შტაბს. მათი წყალობით, დანაკლისი არ გვაქვს, მზად ვართ და ხვალინდელ შეხვედრას მოუთმენლად ველოდებით.

შოტლანდია ძალიან კარგი გუნდია, რომელსაც 4-5 საკვანძო მოთამაშე ჰყავს. შოტლანდიელები ბევრს აწოდებენ და სათამაშო სტილის მხრივ, დიდ პროგრესს მიაღწიეს. გასაოცარი მენტალიტეტი აქვთ და ჩვენზე უფრო დიდი წნეხია, ვიდრე მათზე. გვინდა, გახსნით შეხვედრაში გავიმარჯვოთ და საკუთარ თავს ეს მოთხოვნად დავუწესეთ. კარგი ფეხბურთელები გვყავს, ბოლო შეხვედრებში ჩვენი მენტალიტეტი გამოვავლინეთ და ყველაფერი გვაქვს, რათა მიზანს მივაღწიოთ.

ყველა ფეხბურთელმა იცის თავისი როლი, მაგრამ გარანტირებული არაფერია. სასტარტო შემადგენლობა პრაქტიკულად შერჩეული გვყავს, მაგრამ რომელიმე მათგანმა კარგად რომ ვერ ითამაშოს, არიან, ფეხბურთელები, რომლებიც მათზე ზეწოლას განახორციელებენ და კონკურენციას გაზრდიან. ტონი კროოსი? კროოსი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და შეგიძლია, ბურთი ნებისმიერ მომენტში მისცე. დიდი ხანი დამჭირდა, რათა ნაკრებში დაბრუნებაზე დამეყოლიებინა“, - განაცხადა ნაგელსმანმა.

„ძალიან არაკომფორტულ თამაშს ველოდები. ვიცი, რომ შოტლანდიის ნაკრების ბევრი ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში თამაშობს და ჩვენი მეტოქე ძალიან გამოცდილი გუნდია. მათ წინააღმდეგ ასპარეზობა უსიამოვნო იქნება და სკოტები სათანადოდ უნდა დავაფასოთ. შოტლანდიას პატივს ვცემ, მაგრამ თუ ჩვენს მაქსიმუმთან ახლოს მივალთ, ვფიქრობ, მოგების კარგი შანსი გვექნება“, - აღნიშნა გიუნდოგანმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიისა და შოტლანდიის ნაკრებების მატჩი „ალიანც არენაზე“ გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება. ამ ჯგუფის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს შვეიცარია და უნგრეთი დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„არ გაგიკვირდეთ, საქართველო პლეიოფში რომ გაიყვანოს“ | კვარა USA Today-ის რჩეულებში
„არ გაგიკვირდეთ, საქართველო პლეიოფში რომ გაიყვანოს“ | კვარა USA Today-ის რჩეულებში