„თურქეთთან და ჩეხეთთან შანსი არ აქვთ“ | საქართველო The Score-ის რეიტინგში
The Score ცნობილი სპორტული გამოცემაა, რომელიც 2012 წელს, კანადაში დაარსდა. რამდენიმე წუთის წინ, The Score-მა ევრო 2024-ის მონაწილე ნაკრებები სიძლიერის მიხედვით დაალაგა და საქართველო ბოლო ადგილზე გაიყვანა. თანაც, დასძინა, რომ „ჯვაროსნებს“ ჩეხეთთან და თურქეთთან სენსაციის გამოცხობის შანსი არ აქვთ.
„აქტიურად საუბრობენ, რომ არის შანსი, მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე პატარა ქვეყნებმა ერთი ან ორი სენსაცია შემოგვთავაზონ, მაგრამ ეს საქართველოს არ ეხება. დიახ, მათ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა გარემარბი ჰყავთ, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ, ტალანტის კუთხით, იმხელა ვარდნაა, რომ ჯვაროსნებს თურქეთისა და ჩეხეთის დამწუხრების შანსი არ აქვთ, ვარსკვლავურ პორტუგალიაზე ხომ საუბარიც ზედმეტია.საქართველომ ეს ევროპის ჩემპიონატი წინსვლის ტრამპლინად უნდა გამოიყენოს და პირველი დიდი ტურნირის თითოეული წამით ისიამოვნოს“, - წერს The Score-ი.
გეტყვით იმასაც, რომ კანადური პორტალი ევრო 2024-ის მთავარ ფავორიტად საფრანგეთს ასახელებს. მეორე ადგილზე ინგლისი იმყოფება. მესამე პოზიციას პორტუგალია იკავებს. ტურნირის მასპინძელი, გერმანია მეოთხეა, ხოლო ესპანეთი - მეხუთე. ბელგია და ნიდერლანდები მეექვსე-მეშვიდე ადგილებზე გაიყვანეს, ხორვატია - მერვეა, იტალია - მეცხრე, ავსტრია - მეათე.
ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 18 ივნისს, თურქეთის ნაკრებთან დორტმუნდში გამართავს. 22 ივნის ვილი სანიოლის ბიჭები ჰამბურგში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, 26 ივნისს კი ჯგუფურ ეტაპზე გელზენკირხენში პორტუგალიასთან მატჩით დაასრულებს.